ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოების ნაწილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გაღარიბდა და ეს აღმოჩენა მისთვის ტრაგიკულია. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, სიღარიბის დონის გაუარესების მთავარი მიზეზი ორი ბანკი და ჭარბვალიანობა იყო.
„ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის. ამ ფონზე ვიტყვი, რომ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი რენტაბელობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, ეს თითქოს საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის მხრივ საქართველო ისევ პირველ თუ ბოლო ადგილზეა.
ხალხი თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის სირცხვილი“, - თქვა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ივანიშვილის თქმით, ბანკების რეგულაციას ის ხშირად სთხოვდა კვირიკაშვილის და მისი ერთ-ერთი მთავარი გადაცდომაც ეს იყო.
„ერთ-ერთი მძიმე კითხვა რაც მე მქონდა კვირიკაშვილთან, სწორედ ჭარბვალიანობა იყო. მე მას გადაცდომა ვუწოდე და თვითონაც მეთანხმებოდა, რომ ადრე უნდა შემოეღო რეგულაციები.
Unicef-ის კვლევა იყო ჩემთვის ტრაგიკული, რამდენიმე დღე ძალიან მძიმედ ვიყავი. სიღარიბის დონე გაუარესდა და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ ჭარბვალიანობა იყო. ხალხი იღებდა სესხს და აღარ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ამას კი მე ძალიან ხშირად ვახსენებდი კვირიკაშვილის მისი პრემიერობის განმავლობაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.