სანამ ტყიბულში შახტები დახურულია, კომპანია „საქნახშირი" მეშახტეებს განაცდურ საათებს 100%-ით აუნაზღაურებს - ამის შესახებ „ლიბერალს" კომპანიაში დაუდასტურეს. ეს სიტყვიერი დაპირება მეშახტეებმა კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან შეხვედრისას მიიღეს. რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ტყიბულში აქციები დროებით შეწყდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათი ინტერესია, მალე დაასრულოს შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა მოკვლევა, რომ შახტებში მუშაობა აღდგეს. რამდენი ხანი გასტანს ეს პროცესი, უცნობია(შსს-ს საგამოძიებო მოკვლევისთვის 2-კვირიანი ვადით აქვს გამოცემული ბრძანება).
„საქნახშირისვე" ინფორმაციით, კომპანიამ გაითვალისწინა მეშახტეების მოთხოვნა და შახტის უფროსად მათი წარმომადგენელი, ელდარ ჩაფიძე დაინიშნება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ჩაფიძე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი პირი იქნება. ის აქამდე შახტის წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყო.
ასევე კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათი მთავარი მიზანია, შახტში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და მიწისქვეშ, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდეს.
16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა ექვსი. გამოძიება მიმდინარეობს შემთხვევაზე. მინდელისა და ძიძიგურის შახტები ამ დროისთვის დახურულია.