ნინია კაკაბაძის თქმით, 12 სექტემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მაუწყებლის პროფკავშირების მოთხოვნით გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, მენეჯმენტისა და თავად პროფკავშირის წარმომადგენლები. შეხვედრა ეხებოდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.
საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძის თქმით, შეხვედრა ყველა მხარის შეთანხმებით ჩაიწერა, თუმცა ნინო ზაუტაშვილის მიერ ამ ჩანაწერის გამოთხოვის შემდეგ საბჭოს ერთ-ერთი წევრი გია იაკობაშვილი საბჭოს კანცელარიაში მივიდა და საბჭოს უმრავლესობის სახელით გამოართვა ჩანაწერი თანამშრომელს, შემდეგ კი ის წაშალა.
„ლიბერალმა“ გია იაკობაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. მას ტელეფონი გათიშული აქვს. ვესაუბრეთ შეხვედრის მონაწილეებს და ბორდის ორ წევრს: ზაზა შათირიშვილს და ბელა ოსიპოვას. „ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ასევე არ უპასუხა ირინა ფუტკარაძემ.
კერძოდ, ნინია კაკაბაძის თქმით, შეხვედრის დაწყებამდე საბჭოს წევრები შეთანხმდნენ მის ჩაწერაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სამუშაო იყო, გადაწყვიტეს, გადაეღოთ და განეთავსებინათ ვებგვერდზე, რადგან საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
ნინია კაკაბაძის თქმით, მეორე დღესვე მოიკითხა, აიტვირთა თუ არა შეხვედრის ამსახველი ვიდეო ვებგვერზე, რაზეც უპასუხეს, რომ საბჭოსა და მენეჯემენტის ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილებით, შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გვერდზე ატირთვა გადაიფიქრეს, თუმცა ასევე უთხრეს, რომ ჩანაწერი შეინახებოდა.
აღნიშნული ჩანაწერი რამდენიმე დღეში მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა ოფიციალური წერილით მოითხოვა საბჭოსგან, რომელშიც მიუთითებდა, რომ ვიდეოს არ გაასაჯაროებდა და რომ ეს მას სჭირდებოდა.
ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ, ნინია კაკაბაძის თქმით, საბჭოს წევრებს შორის გაიმართა მიმოწერა - წევრთა ნაწილი, კერძოდ კი გია იაკობაშვილი, ვიდეოს გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა და მეტიც მის წაშლას ემხრობოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ვიდეო შესაძლო იყო, სპეკულაციისთვის გამოეყენებინა რომელიმე მხარეს.
ნინია კაკაბაძის თქმით, გია იაკობაშვილს საბჭოს წევრი ზაზა შათირიშვილი დაეთანხმა.
მიმოწერის შემდეგ კაკაბაძის თქმით, გუშინ (18 სექტემბერი) 6:30-ზე გია იაკობაშვილი მაუწყებლის შენობაში საბჭოს კანცელარიის თანარომელთან მივიდა და უთხრა, რომ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ჩანაწერი უნდა წაიშალოს. გამოართვა მეხსიერების ბარათი და ჩანაწერი წაშალა.
შეკითხვაზე, რატომ შეიძლებოდა, არ მოესურვებინა მენეჯემენტს ან საბჭოს ამ ორ წევრს (იაკობაშვილს, შათირიშვილს) ვიდეოს გასაჯაროება, ნინია კაკაბაძემ გვიპასუხა - „ჩემი შეფასებით, იმ შეხვედრაზე არაფერი ისეთი არ თქმულა. რაც პრობლემას შეუქმნიდა საბჭოს ან მენეჯმენტს. მხოლოდ კამათი იყო."
„საბჭო რამდენიმე დღეა, ბჭობს ამ ჩანაწერის ნინო ზაუტაშვილისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხზე, მაგრამ გუშინ, საღამოს ტელევიზიაში მიდის გია იაკობაშვილი, ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას. ამბობს, რომ საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და იქვე ანადგურებს ჩანაწერს.
აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და, რაც მთავარია, „უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ, არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, რომელშიც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას." - ამბობს ნინია კაკაბაძე.
„ლიბერალი" დაუკავშირდა ნინო ზაუტაშვილს. მისი თქმით, შეხვედრის დაწყებამდე ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ჩაეწერათ შეხვედრა და დასრულების შემდეგ ატვირთულიყო ვებზე.
„როცა მივხვდი, რომ შეხვედრის ატვირთვას არ გეგმავდნენ და შეთანხმება ირღვეოდა, ოფიციალურად მივმართე საბჭოს და გამოვითხოვე ჩანაწერი. წერილში მივუთითე, რომ მის გასაჯაროებას არ ვგეგმავდი. ჩემი აზრით, მენეჯმენტს არ სურდა ამ ჩანაწერის გასაჯაროება, რადგან არაერთ კითხვას, რომელიც მაგალითად დაისვა იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც თანამშრომლები შეფასდა და, ასევე, საუბარი ჩამოვარდა 45-მილიონიან სესხზე, მენეჯმენტის მხრიდან მოჰყვა ყვირილი და შეხლა-შემოხლა. ამ პროცესში ისინი არასასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ და შესაძლოა, მიზეზი ეს იყო.“ - განაცხადა „ლიბერალთან" ნინო ზაუტაშვილმა.
„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანცელარიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ მასთან გუშინ საღამოს მივიდა საბჭოს ერთ-ერთი წევრი გია იაკობაშვილი და გამოართვა მეხსიერების ბარათი. მისივე თქმით, მან არ იცის, წაშალა თუ არა საბჭოს წევრმა შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ასევე ამბობს, რომ გია იაკობაშვილს ვიდეოს წაშლაზე მისთვის არაფერი უთქვამს.
„დღის ბოლოს 6:30-ზე მოვიდა გია იაკობაშვილი და მითხრა, რომ საბჭოს უმრავლესობით გადაწყდა, ეს ჩანაწერი არავის არ გადაეცემა და მე მომეცი ჩიპებიო. არ დამიკონკრეტებია, რისთვის უნდოდა.ბორდის ნებისმიერ წევრს მივცემდი. ბორდის ყველა წევრი ჩემი ზემდგომია. მივეცი. 20 წუთში ამობრუნდა და დამიბრუნდა ჩიპები. მე ვერ დავადასტურებ, წაშლილია თუ არა. ჩიპის გახსნა ფიზიკურად არ ვიცი. რომ შეამოწმო, დისკზე უნდა გადაწერო და ა.შ. რაც ჩემთვის რთულია“.
„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა საბჭოს წევრ ზაზა შათირიშვილს და ჰკითხა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ჩანაწერის გასაჯაროებას და რატომ დაეთანხმა გია იაკობაშვილს, რომ ჩანაწერი წაშლილიყო.
„მე იქ სხვა რაღაცა მიწერია. მიწერია, რომ ეს ჩანაწერი იურიდიულად თავიდანვე არ არსებობს. ხომ არის განსხვავება პრივატულსა და საჯაროს შორის. თუ არ არის სხდომა პირდაპირი, მაშინ მისი ჩაწერა იურიდიული ნონსენსია".
- შეთანხმება ხომ შედგა შეხვედრის მონაწილეებს შორის. ადასტურებთ, რომ შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა შეხვედრის ჩაწერაზე? თქვენ დაეთანხმეთ?
ეს ხო, მაგრამ ეს არის შინაგანი წინააღმდეგობა. ის, რაც არის პრივატული და არაოფიციალური, მისი ჩაწერა ნონსენსია.
- რატომ დაეთანხმეთ ამას დასაწყისში რატომ არ თქვით ეს შეხვედრის დაწყებისას?
ნუ, ეს არის კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი მომენტი, რაც არსებობს თვითონ საბჭოში, მენეჯმენტსა და საბჭოს შორის. ეს არის გამოხატულება იმ შინაგანი წინააღდეგობის, რაც არის საბჭოში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში. რომ არაფერზე კონსენსუსი არ არსებობს.
- ანუ, არ ეთანხმებოდით, რომ ჩაწერილიყო. თუკი იყავით იქ, როცა შეთანხმდნენ შეხვედრის ჩაწერაზე, რატომ არ გამოხატეთ განხვავებული პოზიცია?
კი, ბატონო, ვიყავი, მაგრამ მთელი ამბავი ეს არის, რომ ასეთ აბსურდებზეა აგებული.
რაც გულისხმობთ აბსურდში?
იმას, რომ არსებობს სამართლებრივი პრინციპები, რომელსაც არავინ იცავს. არც ერთი მხარე.
თუკი ასე ფიქრობდით, რატომ არ თქვით ეს?
თვითონვე თქვეს, რომ არაოფიციალური შეხვედრაა. ეს დაახლოებით იცით, როგორი რამეა - ხორცი გაფუჭებულია, მაგრამ უნდა ვჭამოთ. თვითონ თქვეს, რომ პრივატული შეხვედრაა. პრივატული შეხვედრის ჩაწერა ნონსენსია.
ისევ ჩაგეკითხებით, რატომ არ თქვით ეს? რატომ არ გააპროტესტეთ?
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა შუაშია პროტესტი, როგორ შეიძლება აბსურდი გააპროტესტო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე ვარ ფილოსოფოსი და აბსურდში არ ვმონაწილეობ.
ელექტრონულ მიმოწერაში ბატონ გიას დაეთანხმეთ, რომ ვიდეო უნდა წაშლილიყო ?
მე შიგნით ვწერ ეგეთ რაღაცას. ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ უნდა დაინიშნოს ოფიციალური შეხვედრა. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ის თავიდანვე წაშლილია.
მე არ ვამბობ, რომ უნდა წაიშალოს, მაგრამ ის თავიდანვე წაშლილია. ეს ფილოსოფიური განცხადებაა, მაგრამ არის მომენტები, როცა სხვანაირად ვერ იტყვი.
„ლიბერალი“ ესაუბრა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ბელა ოსიპოვას, რომელმაც გვითხრა, რომ ზუსტად არ იცის, წაშლილია თუ არა ფირი, თუმცა თუ წაშლილია, ის ამის მომხრე არ იყო.
„მე ახალი წევრი ვარ და საბჭოს სხვა წევრებთან მქონდა კითხვა იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო შეხვედრის ჩაწერას და შემდგომ მის გასაჯაროებას ეხებოდა.“ - ამბობს ბელა ოსიპოვა. მისივე თქმით, მას ასევე ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია ჩანაწერის ნინო ზაუტაშვილისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.