ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა ამ ეტაპზე შეწყვიტეს, - ამის შესახებ „ლიბერალს" ერთ-ერთმა მეშახტემ ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, მეშახტეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, აქვთ გარკვეული მოთხოვნები და თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტს განაახლებენ.
„ჯერჯერობით შევწყიტეთ პროტესტი. დაპირებები არის მთავრობიდან, ეკონომიკის მინისტრისგან. ორშაბათს ჩვენ ვხვდებით დეპუტატს, რომელიც დაგვეხმარება და უახლოეს პერიოდში გვიშუამდგომლებს პრემიერთან შეხვედრაზე. ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, სოციალური, ხელფასთან დაკავშირებული. ამ ყველაფერს ისინი თუ ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ შეასრულებენ, მაშინ აუცილებლად კვლავ დავიწყებთ გამოსვლებს. ვნახოთ რას გვეტყიან, თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იყო, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს", - განაცხადა გაბუნიამ.
----------
ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის, ელდარ ჩაფიძის თქმით, გაფიცვის მიზეზი გახდა კომპანიის შეტყობინება, რომლის თანახმად, შახტის ხელმძღვანელმა, ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ხელფასს ვეღარ გადაუხდის.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ დაიხუროს შახტი. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტი თუ დაიხურა, ტყიბულიც დაიხურება.“ - აცხადებდა „ლიბერალსთან" საუბრისას ელდარ ჩაფიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, სავარაუდოდ, ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასის გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.