სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან მურუსიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც სასამართლოზე გავლენა აქვს. მისი თქმით, საუბარია არა კლანურ მმართველობაზე, არამედ პირად ადამიანურ ურთიერთობებზე.
„თუ გინდათ, გულწრფელად ვილაპარაკოთ, რატომ. აი, მე გეტყვით, კონფერენცია გვქონდა და ორ ჟურნალისტს ველაპარაკებოდი შინაურულად და ისინიც მეკითხებოდნენ, რატომ, როგორ მოხდა, რომ სასამართლო სისტემაში ასეთი მდგომარეობა გაქვთ ყველასთანო. ამ დროს გამოიარა ერთ-ერთმა მოსამართლემ და ვკითხე, იცით, ეს ვინ არის-მეთქი. ეს არის მოსამართლე ლონდარიძე, რომლის სოფელიც ნიჩგორიდან არის-მეთქი. ანუ მე მაქვს რეალურად მოსამართლეებთან ურთიერთობები, ვიცი მათი ოჯახის, მათი პრობლემების შესახებ, შვილები, სუფთა ადამიანური ურთიერთობები, მე ვიცი, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა უნდათ, როგორ უნდათ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათ დავუდგე გვერდში ადამიანურად. ცხოვრება როგორ არის, იცით?! მაინცდამაინც იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ბერკეტებით მართო, არის ადამიანური ურთიერთობები. არის ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, ის ძალით არავის აკავებს სასამართლო სისტემაში და ამას ნებისმიერი მოსამართლე დაადასტურებს.
„არავითარი კომპრომატები არ მაქვს, როგორ უნდა მქონდეს მე კომპრომატები, რითი უნდა მქონდეს. ზუსტად აგიხსენით ის პატარა საიდუმლო, რისი საშუალებითაც მე მაქვს ეს ავტორიტეტი სასამართლო სისტემაში. ვიცნობ მათ შვილებს, მეუღლეებს, მაქვს ურთიერთობა მათთან, მათ დაბადების დღეებზე ვყოფილვარ, ჭირში ვყოფილვარ, ლხინში ვყოფილვარ. რაც კი გაჭირვებიათ, ვცდილობდი, ადამიანურად დავხმარებოდი. ასე მიმაჩნია, რომ მოსამართლეები ჩემი ოჯახის წევრები არიან“, - განაცხადა მურუსიძემ.
ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.