დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას ვირუსი ისევ გრძელდება და ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბავშვია ამ დაავადებით ინფიცირებული.
„წითელა ჯერჯერობით არ ჩერდება. არც გაჩერდება, იმიტომ, რომ ცოტა მოიკლო ვაქცინაციამ. მაგალითად, ბავშვებს რომ ეკუთვნით გეგმურად 5 წლის ასაკში აცრა, ამის გარდა წელს უკვე აცრილია 113 000 ადამიანზე მეტი, მაგრამ საკმარისი ეს არ არის, იმიტომ, რომ წითელა მაინც არ ჩერდება.
ზოგადად, 2900 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში რეგისტრირებული, ანუ, პრაქტიკულად, თვეში 1000 შემთხვევაა, რაც დაიწყო ეს წელიწადი და აქედან 300-ზე მეტი ბავშვია, რომელსაც წლამდე დაემართა წითელა, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ეს იმიტომ რომ დავუშვათ, დედა არ იყო იმუნური და როდესაც ბავშვი დაიბადა, მას არ ჰქონდა თანდაყოლილი იმუნიტეტი დედისგან, რომ აცრამდე დაეცვა დედისგან გადასულ სხეულებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, ვინც აპირებს დაორსულებას, ბავშვის გაჩენას, რომ დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციით", - განაცხადა იმნაძემ.