საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ამერიკის ხმის" კითხვაზე 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით „თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.
აშშ-ის საგარეო უწყება, ამასთან, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მოქალაქე, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველო სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შსს „პრაიდის“ ჩატარებას ეწინააღმდეგება უსაფრთხოების რისკების გამო. ლომჯარიას თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღია სივრცეში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.
31 მაისს გავრცელებულ განცხადების თანახმად კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის“, - აცხადებდა შსს.