Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშინგტონში თბილისის მოვლენებს აფასებენ

21 ივნისი, 2019 11:23

საქართველში მიმდინარე დემონსტრაციებს და მთავრობის მიერ მის დარბევას ვაშინგტონში ეხმაურებიან. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი პუტინის ძალების მიერ არის ოკუპირებული, მსგავსი შეხვედრის გამართვა, რამაც ეს სიტუაცია მოიტანა, ძალიან სულელური იყო“, - ამბობს დევიდ კრეიმერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და ამერიკის მთავრობის ყოფილი წევრი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობდა.

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

მომხდარს ვაშინგტონიდან კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ეხმაურება. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ დემონსტრანტების გაღიზიანების მიზეზი ესმის.

„მე ქუჩაში ვიხილე გაღიზიანება და მესმის ეს გაღიზიანება. ამ ტაქტიკას, მართლმადიდებლური თემის გამოყენებას, რუსეთი ხშირად მიმართავს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, მათ შორის ბალკანეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. მესმის ბრაზის მიზეზი. თუმცა, სურათი კარგად არ გამოიყურება. მაშინებს ის, რომ რუსული პროპაგანდა ამას გამოიყენებს და „გაბრაზებულ ბრბოზე“ საუბარს დაიწყებს“, - ამბობს პოლ სტრონსკი.

ის ამბობს, რომ დემონსტრაციებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე აჩვენა. „ამან კიდევ ერთხელ შემახსენა ის, თუ როგორი ძლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და როგორ გამოხატავს ხალხი უკმაყოფილებას ქუჩაში გასვლით“, - ამბობს ის.

დემონსტრანტები სპეცრაზმმა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის ძირითადი ნაწილის დაშლის შემდეგ, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ დემონსტრანტების მიმართ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას. პოლ სტრონსკის თქმით, მისთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ძალის მსგავსი გამოყენება, „თუ დელეგაციამ დატოვა ქვეყანა და ხალხი უბრალოდ პროტესტს გამოხატავდა, მე მიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოიყენეს მათ [მთავრობამ] ეს ტაქტიკა“.

„მთავრობის მხრიდან მსგავსი მკაცრი ქმედებები არასდროს არ არის კარგი, რადგან ეს ზოგადად კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს“, - თქვა მან.

პოლ სტრონსკიმ ასევე ხაზი გაუსვა დემონსტრაციის მშვიდობიან გარემოში ჩატარების და პოლიციის მხრიდან შესაბამისი მოქმედების მნიშვნელობას.

„სურათი - იქნება ეს გაღიზიანებული დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციას აწვებიან და პარლამენტში შეღწევას ცდილობენ, თუ პოლიცია, რომელიც მათ წინააღმდეგ იყენებს ცრემლსადენს გაზს, არცერთი არ არის კარგი. ეს არაა საქართველოსთვის კარგი. უკვე ვნახე რუსეთის პროპაგანდისტული სამსახურების ინფორმაცია და ისინი უკვე ცდილობენ საკუთარი ვერსიის გავრცელებას. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს“, - თქვა მან.

სტრონსკის ეთანხმება დევიდ კრეიმერიც. ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

„ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ არასწორად შეაფასა სიტუაცია, როცა ამ შეხვედრის მასპინძლობა გადაწყვიტა. ეს მაშინ, როცა იცოდნენ, რომ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის დუმის დეპუტატები დაესწრებოდნენ. ანუ - ისინი, ვინც შემდგომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ და ისეთ ტრიუკს ჩაატარებდნენ, როგორიც სპიკერის სავარძელზე დაჯდომა იყო. ამან ძალიან მტკივნეულ გრძნობებზე იმოქმედა.

მესმის ოპოზიციის რეაქცია. ვფიქრობ, „ქართული ოცნებაშიც“ იყვნენ ადამიანები, ვინც მომხდარმა შესძრა. პროტესტი გასაგებია და მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს. მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იყოს და გამოძიებაში უნდა მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ეს სწრაფად და სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული. და კიდევ: უნდა დაიდოს პირობა, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდება... ამასთან, პასუხი აგონ მათ, ვინც ეს გადაწვეტილება მიიღო“, - ამბობს კრეიმერი.

დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

„მე ხაზს გავუსვამდი, რომ დემონსტრაციის მშვიდობიანად ჩატარება უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანებმა რომლებიც აკრიტიკებენ იმას რაც მოხდა, შესძლონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. მთავრობას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ არ გამოიყენოს ძალა დემონსტრაციის წინააღმდეგ. არავისთვის კარგი არ არის დაპირისპირების შექმნა ამ სიტუაციაში. ეს სამწუხარო სიტუაციაა და ეს არც საქართველოს დაეხმარება და არც საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს წარმოჩენა, როგორც ქაოსური ადგილის, მის იმიჯს დააზიანებს“, - ამბობს კრეიმერი.

​მომხდარს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა. საელჩომ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, ერთობლივი განცხადება გააკეთა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. "ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ გვესმის ის ტკივილი, რასაც უამრავი ადამიანი დღეს განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და გამუდმებით იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ მომხდარი აქცია შეაფასა როგორც „უპასუხისმგებლო ძალის“ მხრიდან „პროვოცირების მცდელობა“.

„ამერიკის ხმის" მასალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^