საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, რომ უკვე დროა მხარეებმა ერთმანეთზე ნაკლებად ისაუბრონ და ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ. მისი თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ხვალ დიალოგი გაიმართება.
„დეტალებს ვაზუსტებთ, თუმცა, როგორც ცნობილია, დღის წესრიგში ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება. ამასთანავე, სავარაუდოდ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, ისევ ჩვენს აზრზე ვრჩებით. აზრის გამოხატულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა ელჩმა.