ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაჩნდა პირველი დოკუმენტური მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ნადირობს გიგანტური კუ სხვა ცოცხალ არსებაზე. სეიშელის კუნძულებზე მცხოვრებ გიგანტურ კუს დღემდე მკაცრად ვეგეტარიანელ ცხოველად მიიჩნევდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
2020 წლის ივლისში საკურორტო კუნძულ ფრეგატზე გადაღებულ ვიდეოზე ჩანს თუ როგორ უახლოვდება მდედრი კუ მეთოვლიას ბარტყს, რომელმაც ფრენა არ იცის და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მას ყლაპავს.
კუნძული ფრეგატი კერძო საკუთრებაშია. ის ეკოტურიზმის სამოთხედ მიიჩნევა. მასზე დაახლოებით 3 ათასი გიგანტური კუ ცხოვრობს, რომლებიც Aldabrachelys gigantea-ს სახეობას მიეკუთვნება. გიგანტური კუს სიგრძე 120 სანტიმეტრია, წონა - 300 კგ, ასაკი 150 წელი. მათ ცურვა არ იციან. დღემდე მიჩნეული იყო, რომ ისინი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კუების შეძენილი ჩვევაა, რისკენაც მათ მეზობლად, ხეებზე მრავლად მცხოვრებმა მეთოვლიებმა უბიძგეს. ბუნებისდაცვითი ღონისძიებების წყალობით ფრეგატზე ამ ფრინველის რაოდენობა აღდგა და 265 ათასს მიაღწია, მაგრამ მათი ბარტყები ხშირად ვარდებიან ბუდეებიდან.