ფრანგი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჟოზეფინ ბეიკერი, პირველი შავკანიანი ქალია, რომელსაც სიმბოლურად დაკრძალავენ პარიზის პანთეონში ჟან-ჟაკ რუსოს, ვიქტორ ჰიუგოს და მარია კიურის გვერდით. ამასთანავე, ბეიკერი მეექვსე ქალი იქნება, ვისაც პანთეონში დაკრძალავენ, სადაც დიდწილად კაცი ნაციონალური გმირები განისვენებენ.
მემორიალურ ფილას ბეიკერის სახელით პანთეონში ნოემბერში განათავსებენ. დაკრძალვა სიმბოლური იქნება. მისი ნეშტი დარჩება მონაკოში, სადაც ის 1975 წელს გარდაიცვალა. ამ ჟესტით ფრანგები პატივს მიაგებენ მის საშემსრულებლო ოსტატობას, ასევე მას, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლს. ნაცისტებთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის ბეიკერი პირველი ამერიკელია, ვისაც საფრანგეთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
პანთეონში ამა თუ იმ ისტორიული მოღვაწის სახელის უკვდავყოფის საკითხს პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი წყვეტს. ბეიკერის შემთხვევაში მაკრონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მემორიალური ფილის განთავსების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 38 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ნათესავები ამის მიღწევას 2013 წლიდან ცდილობდნენ.
ჟოზეფინ ბეიკერი 1920-30-ანი წლების სუპერვარსკვლავი იყო. საფრანგეთში საცხოვრებლად ის სენტ-ლუისიდან 1930-იან წლებში გადავიდა. ის ფრანგული კაბარეს და ვარიეტეს სცენებზე ცეკვავდა. 1937 წელს ცოლად გაჰყვა მეწარმე ჟან ლეონს და საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს ის საკუთარ კავშირებს იყენებდა იმისთვის, რომ გერმანული არმიის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა, რომელსაც სანოტო ფურცლებზე წერდა და ისე გადასცემდა პარტიზნებს.
1963 წელს ბეიკერი მონაწილეობდა ვაშინგტონის ისტორიულ მარშში, როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა „I Have A Dream“.