29 წლის ირლანდიელმა მწერალმა სალი რუნიმ ახალი რომანის გამოცემა დააანონსა. ის ავტორია ორი გახმაურებული რომანისა - „ჩვეულებრივი ადამიანები“ („Normal People“) და „საუბრები მეგობრებთან“ („Conversations with Friends“). პირველის მიხედვით გადაღებულ სერიალს შარშან გაზაფხულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მეორის სატელევიზიო ვერსიაზე ახლა მუშაობენ. სალი რუნის ახალი წიგნის ანონსი - ლიტერატურული სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
წიგნი 2021 წლის 7 სექტემბერს გამოქვეყნდება და როგორც უკვე ცნობილია, მასში იქნება ყველაფერი, რის გამოც ეს ახალგაზრდა ავტორი გვიყვარს: ისტორია შეყვარებული მილენიალების შესახებ, რომლებსაც ურთიერთობების გარჩევა ელექტრონული წერილებით უყვართ.
გამომცემლობის Farrar, Straus and Giroux ინფორმაციით, წიგნის სახელწოდებაა „Beautiful World, Where Are You" („მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ?“).
სიუჟეტის ცენტრში არიან საუკეთესო მეგობრები ელისი და ეილინი. ისინი 30 წლისანი არიან და იმყოფებიან სხვადასხვა ადგილსა და ძალიან განსხვავებულ ტრაექტორიებში“. ელისი მწერალია და საწყობის მუშა ფელიქსს რომში, მასთან ერთად გამგზავრებას სთავაზობს. იმავდროულად, ეილინი, რომელიც შეწყვეტილი სასიყვარულო რომანის დავიწყების პროცესშია, ელისის ბავშვობის მეგობრის, საიმონის გულის მონადირებას ცდილობს. გოგოების მთელი ურთიერთობა ელექტრონული მიმოწერაა „ხელოვნების, მეგობრობის, მათ ირგვლივ არსებული სამყაროსა და რთული სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, რომლებიც მათსავე ცხოვრებაში ვითარდება“. და მთავარი კითხვაა, გაუძლებს თუ არა მათი კავშირი ხელახალ პირისპირ შეხვედრას?..
რომანს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ავტორის წინა ორი წიგნის ტირაჟმა მხოლოდ აშშ-ში მილიონ ეგზემპლიარს გადააჭარბა. „ჩვეულებრივი ადამიანები“ ქართულ ენაზეც ითარგმნა.
წიგნს უკვე გამოეხმაურნენ ამერიკული The New York Times-ი და ბრიტანული Guardian-ი.