რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მსგავსი პროგრამა ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტში, უორდროპების ფონდის წყალობით, გასული საუკუნის დასაწყისიდან მოქმედებს. ამ ფაქტის დაუდევარ გაშუქებას ქართულ მედიაში ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის პედაგოგი, ქართული ენის პროგრამის ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილი გამოეხმაურა.
„გუშინ საღამოს მოვუსმინე ეკა კვესიტაძის რეპორტაჟს ჰარვარდში საქართველოს კვლევითი ცენტრის შესახებ. ვულოცავ ყველას, ვინც ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. ყველაფერი მიხარია, რაც ჩემს სამშობლოს ეხება.
მე არ ვწერ ხშირად FB-ზე, მაგრამ ამჯერად არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო გადაცემის წამყვანის ფრაზას: „უორდროპების ფონდი ახლა რამდენად ფუნქციურია, არ ვიცი”.
უორდროპების ფონდი ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებობს 1909 წლიდან. ფონდის არსებობის მიზანია:
1. ხელი შეუწყოს ქართული ენის, ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის შესწავლას.
2. გაზარდოს ქართული ბიბლიოთეკის განყოფილება.
3. ქართული ენის, ლიტერატურული თარგმანის და ისტორიული ნაშრომების გამოცემა/ გამოქვეყნება.
რა ხდება ამჟამად ოქსფორდში:
1. 25 წელია ვასწავლი ქართულ ენას ოქსფორდის უნივერსიტეტში.
23 წლის განმავლობაში ენების ცენტრში ვასწავლიდი,ამჟამად წმ. ანტონის კოლეჯში.
კვირაში მაქვს 8 სამუშაო საათი, რომელსაც აფინანსებს უორდროპების ფონდი.
6 საათი ეთმობა გრამატიკას და სასაუბრო ნაწილს: დამწყები, გარდამავალი და შუალედური დონის სტუდენტებისთვის.
2 საათი ეთმობა თარგმნის გაკვეთილს.
ეს მინიმალური საათების რაოდენობაა მაქსიმუმის მისაღწევად.
შარშან სტუდენტების რაოდენობამ 34 მიაღწია.
2. 2015 წლიდან დავიწყე თარგმნის პროექტი, რომლის იდეაც ლონდონის ეროვნული თეატრის ყოფილმა პროდიუსერმა სუზი გრეიმ-ადრიანმა მომაწოდა: უორდროპები ხომ თარგმნის საშუალებით სწავლობდნენ ენასო.
ასე დავიწყე პირველი გაკვეთილები, რომელიც ბოლოს ერთ წიგნად იქცა:
„კარს მიღმა” – „Unlocking the Door: writing from Georgia”, გამომცემლობა „სეზანმა“ გამოსცა საქართველოში და დაფინანსდა უორდროპების ფონდის მიერ. წიგნი იყიდება როგორც საქართველოში, ასევე ბრიტანეთის ისეთი წიგნის მაღაზიებში, როგორიცაა Waterstones, Blackwells, Foyles, Daunts Books და ამაზონზე.
თარგმნის დროს სტუდენტებს ურთიერთობა აქვთ ავტორებთან, რაც მათ მუშაობას უფრო საინტერესოს ხდის.
დასრულებულ თარგმანს კითხულობს პროფესორი დონალდ რეიფილდი და მხოლოდ მისი რჩევის და უფლების მიღების შემდეგ ვამზადებთ წიგნს გამოსაცემად.
3. დავასრულეთ გოდერძი ჩოხელის“ ადამიანთა სევდა” და ხუთი მოთხრობა: “თევზის წერილები”, “ჩიპოლინო”, “წერტილი და მძიმე”, “საზიარო ყვავი”, “9 შეკითხვა სიყვარულზე”.
თარგმანი მზადაა გამოსაცემად. თარგმანზე მუშაობა დააფინანსა უორდროპების ფონდმა.
თარგმნის პერიოდში განუწყვეტლად მუშაობდა ქალბატონი ნინო მელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე.
წიგნის გამოცემას ვაპირებთ ბრიტანეთში.
წიგნი საჭიროებს დაფინანსებას გამოცემისთვის.
4. სულხან საბას „მოგზაურობა ევროპაში“, რომლის ინგლისურენოვან თარგმანზე ჩემი ყოფილი სტუდენტი, ჯეფრი გოსბი მუშაობს, მზად იქნება 2024 წელს.
წიგნი საჭიროებს დაფინანსებას გამოცემისთვის.
5. 2023 წლის პროექტი:
კიტა ჩხენკელის „ქართული ენის სახელმძღვანელოს“ ორტომეულის თარგმანი გერმანულიდან ინგლისურ ენაზე, რომელზეც ჩემი სტუდენტი, უოლკერ ტომსონი იმუშავებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან. ამ წიგნით მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტი ისარგებლებს, სადაც ქართულ ენას ასწავლიან.
თარგმანი და გამოცემა საჭიროებს დაფინანსებას.
6. 2019 წლის 5 აპრილს უორდროპების ფონდის დაფინანსებით საქართველოდან ოქსფორდში ჩამოვიტანეთ 450 წიგნი, პროფესორ თამილა მგალობლიშვილის კოლექციიდან, რომელიც ბოდლეს ბიბლიოთეკაშია განთავსებული.
7. ჩემი პირველი სტუდენტი, ელიზაბეთ ჰაივეი თარგმნის თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, მან თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე ნანა ექვთიმიშვილის ბოლო რომანი „მსხლების მინდორი“.
8. ჯეფრი გოსბი, ასევე ჩემი სტუდენტია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენასა და ზოგად ლინგვისტიკაში, დაფინანსებულია უორდროპების ფონდის მიერ.
ის თარგმნის და რედაქტირებას უწევს ქართველი მკვლევარების ინგლისურ ენოვან თარგმანებს.
8. იან კოლვინი, ნოქალაქავეში ბრიტანულ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ჩემი და პროფესორ რობერტ ტომსონის სტუდენტი.
9. დოქტორი ჯილიან ევისონი - უორდროპების ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი დონალდ რეიფილდი, მისი მოადგილე - ამ ორი ადამიანის ხელშეწყობის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით.
10. წმ. ანტონის კოლეჯის რუსული და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათმცოდნეობის დეკანი პროფესორი ქრისტოფერ გერი და პროფესორი დან ჰილი - დიდ პოპულარიზაციას უწევენ ენის შემსწავლელ კურსს.
უორდროპების ფონდის მატერიალური რესურსი არაა დიდი. ენის შემსწავლელთა რიცხვი იზრდება, იზრდება სამომავლო პროექტების რაოდენობა და ამ ყველაფრის დაფინანსება უორდროპების ფონდს უკვე უჭირს.
იმედს ვიტოვებთ, რომ დაინტერესება და მხარში დგომის სურვილი გაუჩნდება ვინმეს.
ბრიტანული წიგნების მაღაზიებში ინგლისურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის დეფიციტია. ვცდილობ შევმატო თაროს წიგნები, ჩემი მართლაც და კარს მიღმა დარჩენილი ქართული მწერლობა.
და ბოლოს, ამდენი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ვფიქრობ, მიხვდებით, თუ „რამდენად ფუნქციურია“ უორდროპების ფონდი და რამდენად ვცდილობთ მივყვეთ იმ მიზნებს, რა მიზნითაც დაარსდა ფონდი.
ინფორმაცია ქართული ენის პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, რომელიც განახლების პროცესშია“, - წერს ლია ჩოკოშვილი.
ლია ჩოკოშვილის პოსტს გამოეხმაურა ჯეფრი გოსბიც:
დიდი მადლობა ლია ამ პოსტისთვის. მე ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, თუ რამდენად ფუნქციურია დღეს მარჯორი უორდროპის ფონდი. ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო კვლევის განმავლობაში სერიოზული ფინანსური დახმარება მივიღე ფონდისგან. ამ დახმარების და ლიას გაკვეთილების მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დავიცავი ჩემი სადოქტორო თემა ქართულის ლინგვისტურ სტრუქტურაზე. ბოლო წლებში, ათზე მეტი ჩემი თარგმანი ქართულიდან ინგლისურად გამოიცა (ან მალე გამოიცემა). სხვათა შორის, გამომცემლობა „არტანუჯისა“ და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. დღეს, სხვა პროექტებს შორის, ვაგრძელებ ჩემს ქართველოლოგიურ საქმიანობას ოქსფორდის ქართული პროგრამის ფარგლებში, მათ შორის საბას „მოგზაურობა ევროპაში“ პირველ სრულ ინგლისურ თარგმანზე ვმუშაობ. ეს ყველაფერი ფონდისა და ლიას მხარდაჭერის წყალობით!