Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურების დაფინანსება!

02 აგვისტო 2022
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირისპირდეთ მომხვეჭელობასა და სიხარბეს და ჩვენი ცხოვრების წესი უნდა გავამარტივოთ, და არა პირიქით

არსებობს მითი ადამიანების შესახებ, რომელიც არაფრით დასტურდება: ის, რომ თითქოს ჩვენ თვითგადარჩენას პირველ ადგილზე ვაყენებთ. ეს შეხედულება, სხვა ცოცხალ სახეობებთან დაკავშირებით, სავსებით სამართლიანია. მოსალოდნელი საფრთხეების პირისპირ, მაგალითად, ზამთარში, ისინი უზარმაზარ რესურსს ხარჯავენ რისკებისთვის თავის არიდებისა თუ ზიანის შესამცირებლად: ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, ცხოველების ნაწილი ძილს მიეცემა. ადამიანებთან კი სულ სხვაგვარად არის საქმე.       

როდესაც მოსალოდნელი ან ქრონიკული საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან ეკოლოგიური კატასტროფა, ჩვენში თვითგადარჩენის ინსტინქტი არ იღვიძებს. ვარწმუნებთ თავს, რომ სერიოზული არაფერია ან სულაც, საერთოდ არაფერი ხდება. ჩვენ ვაორმაგებთ საფრთხეს, როდესაც ჩვეულებრივ ავტომობილებს სწრაფმავალ „ჯიპებზე“ ვცვლით და ამ გიჟურ სამომხმარებლო რბოლაში თავს იმით ვინუგეშებთ, რომ „ვითარების სერიოზულობის შემთხვევაში, ვიღაც აუცილებლად გაგვაჩერებდა“. ჩვენი რეაქცია, თუკი ის საერთოდ გაგვაჩნია, იმდენად უმნიშვნელო, ფრაგმენტული და სიმბოლურია, რომ მისი არაადეკვატურობა პრობლემის მასშტაბთან შედარებით, კომიკურიც კია. ჩვენს ქმედებებში თვითგადარჩენის ინსტიქტის ამოკითხვა შეუძლებელია.

რა ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სიცოცხლე სრულადაა დამოკიდებული ბუნების ისეთ რთულ სისტემებზე, როგორებიცაა ატმოსფერო, ოკეანის დინებები, ნიადაგი, პლანეტის სასიცოცხლო ქსელები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი სისტემა კანონზომიერების ფარგლებში მოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა საბანკო ქსელია, ნაციონალური სახელმწიფო, ტროპიკული ტყე თუ ყინულის შელფი; მისი ქცევა მათემატიკურ კანონებს ექვემდებარება. ნორმალურ პირობებში, სისტემა საკუთარ თავს არეგულირებს და ინარჩუნებს წონასწორობას. მას გარკვეულ ზღვრამდე სტრესის მონელებაც შეუძლია. მაგრამ შემდეგ, უცებ თავდაყირა დგება, გადალახავს გარდამტეხ მომენტს და წონასწორობის ახალ მდგომარეობას პოულობს, რომელიც ხშირად შეუქცევადია.   

კაცობრიობა დღეს წონასწორობის არსებულ მოცემულობას ეყრდნობა. თუმცა მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი სისტემების მუშაობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. თუკი ერთი მაინც გამოვა მწყობრიდან , ის, დიდი ალბათობით, დანარჩენებსაც გაიყოლებს, რასაც ქაოსის ისეთი კასკადი მოჰყვება, რასაც სისტემურ ეკოლოგიურ კოლაფსს უწოდებენ. ანალოგიური პროცესების შედეგია წარსულის მასობრივი გადაშენებები. 

ერთ-ერთი მოსალოდნელი სცენარი ასეთია: სავანის სარტყელი, რომელიც ცნობილია სერადოს სახელით, გარს აკრავს ცენტრალურ ბრაზილიას. მისი მცენარეული საფარი დამოკიდებულია ცვარის წარმოქმნაზე. ცვარი წარმოიქმნება ღრმად ფესვგადგმული ხეებისგან, რომლებიც გრუნტის წყლებს შთანთქავს და შემდეგ მათ საკუთარი ფოთლებიდან ჰაერში აფრქვევს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, სერადოს უზარმაზარი მასივები გაკაფეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის - დიდწილად სოიოს მოსაშენებლად, რომლითაც მსოფლიოს ქათმებს და ღორებს კვებავენ. ხეების ამოძირკვის კვალდაკვალ, ჰაერი სულ უფრო მშრალი ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო პატარა მცენარეები იღუპებიან, რითაც კიდევ უფრო მცირდება წყლის ცირკულაცია. გლობალურ დათბობასთან ერთად, რომლის შესახებაც ზოგიერთი მეცნიერი გვაფრთხილებს, ამ მანკიერმა წრემ, შესაძლოა, მალე და მოულოდნელად მთელი სისტემა უდაბნოდ გარდაქმნას.  

სერადო სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი უდიდესი მდინარის წყაროცაა, მათ შორის იმ მდინარეების, რომლებიც ამაზონის აუზს ერთვიან. მდინარეების წყლით მომარაგების შემცირება გააღმავებს სტრესს, რომელსაც ტროპიკული ტყეები ისედაც განიცდიან. გაჩეხვა, ხანძრები, სიცხე - მომაკვდინებელი კომბინაციაა ტყეებისათვის და მათ სისტემური კოლაფსით ემუქრება. სერადო და ტროპიკული ტყეები ტენიანი ჰაერის ნაკადებს  -  „ცის მდინარეებს“ ქმნის, რომელიც ნალექს მთელ დედამიწაზე ანაწილებს და ხელს უწყობენ ჰაერისა და ოკეანურ დინებათა მოძრაობისაგან წარმოქმნილ გლობალურ ცირკულაციას.  

გლობალური ცირკულაციას უკვე ემუქრება საფრთხე. მაგალითად, „ატლანტიკის მერიდიული ცვალებადი ცირკულაცია“ (AMOC), რომელსაც ტროპიკებიდან სითბო პოლუსებისკენ მიაქვს, არქტიკული ყინულების დნობისაგან დარღვეულია და დასუსტებას იწყებს. მის გარეშე გაერთიანებულ სამეფოში ციმბირის მსგავსი კლიმატი იქნებოდა.

AMOC-ს წონასწორობის ორი მდგომრეობა აქვს: ის ან ჩართულია ან გამორთული. უკვე 12 ათასი წელია რაც ის ჩართულია. მანამდე, ათასი წლის მანძილზე, ის გამორთული იყო. ამ პერიოდს „გვიანდელ დრიასს“ (12,900 - 11,700 წწ) უწოდებენ, რაც თავის მხრივ, კლიმატური ცვლილებების გლობალური სპირალის შედეგია. ყველაფერი რაც ვიცით და გვიყვარს, დამოკიდებულია იმაზე, AMOC-ი ჩართული იქნება თუ გამორთული. 

რამდენად რთული შესასწავლიც არ უნდა იყოს სისტემა, ყოველთვის შეიძლება იმის თქმა - უახლოვდება თუ არა ის გარდამტეხ მომენტს. სისტემის ნაწილები ციმციმს იწყებენ, და რაც უფრო ახლოსაა სისტემა კრიტიკულ ზღვართან, რყევებიც ძლიერდება. ის რაც წელს ვნახეთ, დიდი გლობალური ციმციმია, როდესაც დედამიწის სასიცოცხლო სისტემები ნგრევას იწყებს. ჰაერის ცხელი მასები ჩრდილოეთ ამერიკის ზღვის სანაპიროს თავზე; მასობრივი ხანძრები ციმბირსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ირგვლივ; მომაკვდინებელი წყალდიდობები გერმანიაში, ბელგიაში, ჩინეთში, სიერა-ლეონეში. ესაა განგაშის სიგნალები, რომელსაც კლიმატი გვიგზავნის.  

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ გონიერი არსებები ამ სიგნალებზე სწრაფად და გადამწყვეტად ირეაგირებენ და რადიკალურად შეცვლიან საკუთარ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ. მაგრამ ჩვენ ასე არ ვიქცევით! ჩვენი მაღალი ინტელექტი და მაღალგანვითარებული ცნობიერება, რომელმაც ერთ დროს დიდი სამსახური გაგვიწია და ამდენ წარმატებას მიგვაღწევინა, დღეს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს.     

მედიის მდგრადობის შემსწავლელი კომპანიის („Albert“) ანალიზში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს გაერთიანებული სამეფოს სატელევიზიო გადაცემებში სიტყვა „ნამცხვარი“ ათჯერ უფრო ხშირადაა ნახსენები, ვიდრე „კლიმატური ცვლილება“, „შოტლანდიური კვერცხი“ ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე „ბიომრავალფეროვნება“; „ბანანის პური“ კი უსწრებს ერთად აღებულ „ქარის ენერგიის“ და „მზის ენერგიის“ ხსენებას.       

ვაღიარებ, რომ მედია არ არის საზოგადოება და ტელეარხები დაინტერესებულები არიან  ბანანის პურის პოპულარიზაციით. ჩვენ შეიძლება ვიდაოთ იმაზე, თუ რამდენად დიდ უპირატესობას ანიჭებენ ჟურნალისტები ნამცხვარს კლიმატთან შედარებით. მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნამცხვრის“ და „კლიმატის“ ეს თანაფარდობა, ყველაზე ცხადად გვიჩვენებს იმ „პროგრესს“, რომელსაც სისტემური ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების საქმეში მივაღწიეთ. აშკარაა, რომ კარს მომდგარი გლობალური კატასტროფა ჩვენთვის აქტუალური არ არის. ჩართეთ ნებისმიერი რადიოსადგური, ნებისმიერ დროს და თავად დარწმუნდებით. 

ვიდრე მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრებია, წყალდიდობამ წალეკა ქუჩებიდან ავტომობილები და ნათესები ხმება, თქვენ ისმენთ დებატებს იმის შესახებ, თუ როგორ სჯობს წინდების ჩაცმა, მჯდომარედ თუ წამომდგარი, ან როგორ დაფაზე სჯობს ძაღლებისთვის ძეხვის დაჭრა. ამ მაგალითებს არ ვიგონებ, საკუთარი ყურით მოვისმინე სხვადასხვა რადიოტალღაზე, კლიმატური კატასტროფის დღეებში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ წუთებშიც კი, თუკი დედამიწისკენ ასტეროიდი გამოემართება, ჩვენ კი რადიოს ჩავრთავთ, იქიდან გავიგონებთ:  „მაშ ასე, დღის ყველაზე ცხელი თემა - გვიამბეთ სასაცილო ისტორია, რომელიც ქაბაბის ჭამის დროს შეგემთხვათ!“. აი ამ ოხუნჯობასა და გულგრილობაში სრულდება კაცობრიობა.

უპრეცედენტო კრიზისის პირისპირ ჩვენ სისულელეებზე ლაქლაქს ვამჯობინებთ. საჯარო ცხოვრების ტრივიალიზება მარყუჟებში გვაქცევს: ნებისმიერ სხვა თემაზე ლაპარაკი სოციალურად შეუძლებელი ხდება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ მოსალოდნელ კატასტროფას უნდა განვიხილავდეთ. არ ვარ ოხუნჯობის წინააღმდეგი. მაგრამ არ შეიძლება, მხოლოდ ვერთობოდეთ.

ეს მომაკვდინებელი არასერიოზულობა მხოლოდ მუსიკალურ და გასართობ არხებს არ ეხება. პოლიტიკური „ახალი ამბების“ უმრავლესობა ჭორებს გიამბობს: ვინ სად არის, ვინ რა თქვა. ისინი თავს არიდებენ იმაზე ლაპარაკს, რაც ამ ყველაფრის უკან დგას: შავი ფული, კორუფცია, ხელისუფლებების დემოკრატიისგან გადახვევა, მოსალოდნელი ეკოლოგიური კოლაფსი. 

დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრახ არ კეთდება. არ ვფიქრობ, რომ ეკოლოგიური კოლაფსის სისტემურ პერსპექტივასთან შეჯახებისას, ვინმე ამბობს: „სწრაფად შევცვალოთ თემა და ვილაპარაკოთ დაფებზე ძაღლებისათვის“. პრობლემა ბევრად ღრმაა. ეს ქვეცნობიერი რეფლექსია, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენი გააზრებული ქმედებები. რადიოეთერებში ლაყბობა მომაკვდავი ვარსკვლავისაგან მომავალი ბოლო სიგნალებივით ისმის.   

არსებობს წყლის მწერის, ბადეფრთიანის (caddisfly) სახეობები, რომელთა სიცოცხლეც დამოკიდებულია მდინარის წყალზედა აბკის გარღვევაზე. მდედრი მწერი არღვევს ამ ზედაპირს, აღწევს ნაპრალში (რაც ასეთი პატარა და მყიფე არსებისათვის გმირობის ტოლფასია), ეშვება წყლის სიღრმეში და მდინარის ფსკერზე ქვირითს ყრის. თუკი ზედაპირს ვერ გაარღვევს, ის ვერ დახურავს სასიცოცხლო ციკლს, რის გამოც მონაგართან ერთად დაიღუპება.

ადამიანის ისტორიაც ანალოგიურია. თუკი ჩვენ არ გავარღვევთ ამ დაუსრულებელი გართობის ზედაპირს და არ ჩავუღრმავდებით იმას, რაც არსებითია, ჩვენ ვერ გადავარჩენთ ვერც ჩვენს შვილებს და შესაძლოა, ვერც ჩვენს ბიოლოგიურ სახეობას. მაგრამ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია ან არ გვინდა ამ ზედაპირის გარღვევა. ჩვენს ამ უცნაურ მდგომარეობას „ზედაპირულ მღელვარებას“ ვუწოდებდი, რაღაც შუალედურს, მოსალოდნელი კრიზისის შესახებ ცოდნასა და იმ ქარაფშუტობას შორის, რომლითაც ამ ცოდნას ვემიჯნებით.  

ზედაპირული მღელვარება დომინირებს მაშინაც კი, როდესაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენი სიცოცხლისათვის აუცილებელი სისტემების გადარჩენისათვის ვიბრძვით. კონცენტრირებული ვართ მიკროსამომხმარებლო სისულელეებზე (MOB): პაწაწინა საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, პლასტიკური საწრუპები და ყავის ჭიქები, ნაცვლად უზარმაზარი სტრუქტურული ძალებისა, რომლებიც კატასტროფისკენ მიგვაქანებს. შეპყრობილები ვართ პოლიეთილენის ჩანთებთან ბრძოლით. გვჯერა, რომ სამყაროსთვის დიდი სარგებელი მოგვაქვს, როდესაც ცელოფნის პარკებს ბამბის ჩანთებით ვცლით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეფასებით, ორგანული ბამბის ჩანთების წარმოების მავნე ზეგავლენა კლიმატზე მეტია - ის 20 ათასი პლასტიკური ჩანთის წარმოებას უდრის.        

ჩვენ სამართლიანად ვბრაზობთ, როდესაც ვხედავთ ზღვის ცხენთევზას, რომელსაც კუდზე ბამბის ყურსაწმენდი აქვს გამობმული, მაგრამ არ გვაწუხებს, რომ თევზის ინდუსტრია ზღვის მთელ ეკოსისტემებს ანადგურებს.

პრესა აქტიურად აშუქებს კომპანია Soletair Power-ის საქმიანობას, რომელიც აცხადებს, რომ „კლიმატის ცვლილებას ებრძვის“. კომპანიის დეკლარირებული მიზანია ნახშიროჟანგისაგან ჰაერის გაწმენდა, რომელსაც ოფისის თანამშრომლები აბინძურებენ. მაგრამ მოწყობილობა, რომლითაც ის ამას აკეთებს (ეკოლოგიურად ძვირადღირებული კოშკი, ფოლადისა და ელექტრონიკისაგან) ყოველ 8 საათში ერთხელ მხოლოდ 1 კგ ნახშიროჟანგს აღმოფხვრის. კაცობრიობა კი დროის იმავე მონაკვეთში, წიაღისეული საწვავის დაწვით, დაახლოებით 32 მლრდ კგ CO2-ს აწარმოებს.

არ მჯერა, რომ მიკროსკოპულ გადაწყვეტილებებზე ჩვენი კონცენტრირება შემთხვევითია, თუნდაც ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებდეთ. ყველანი სპეციალისტები ვართ იმაში, რასაც მავნე ნივთების სასარგებლო საგნებით ჩანაცვლება ჰქვია. მდიდრებმა შესაძლოა თავი დაირწმუნონ, რომ მწვანეები გახდნენ, რადგან ნარჩენებს ამუშავებენ. მაგრამ იმავდროულად ავიწყდებათ, რომ მეორე სახლიც აქვთ. გულის სიღრმეში ალბათ თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ რადგან ჩვენი ძალისხმევა ასეთი მცირეა, შესაბამისად, პრობლემაც ვერ იქნება მასშტაბური.             

არ ვამბობ, რომ პატარა გადაწყვეტილებები უმნიშვნელოა, მაგრამ არ შეიძლება მათ სრულად ჩაანაცვლონ ის, რაც ბევრად მნიშვნელოვანია. 

ჩვენს ყურადღებას წვრილმანებისადმი კორპორატიული დღის წესრიგი განსაზღვრავს. მიზანმიმართული მცდელობები, რომ საერთო სურათი ვერ დაგვენახა, დაიწყო 1953 წელს კამპანიით „შევინარჩუნოთ ლამაზი ამერიკა“ (Keep America Beautiful). ის შეფუთვის მწარმოებელმა კომპანიებმა დააფუძნეს. მათი მიზანი იყო მრავალჯერადი კონტეინერების ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლით ჩანაცვლება და ამით შემოსავლების გაზრდა. პირველ რიგში, მათ იმ სახელმწიფო კანონების გაუქმება სურდათ, რომლებიც შუშის ბოთლების დაბრუნებას და ხელახალ გამოყენებას ავალდებულებდნენ. კამპანიამ „შევინარჩუნოთ ლამაზი ამერიკა“ პლასტმასის ნაგვის ცუნამი, რაც მწარმოებლების საქმიანობას მოჰყვა, რიგით ადამიანებს გადააბრალა, „ღორებს“ („litter bugs”, როგორც თავად დაარქვეს), რომლებიც ნაგავს უმისამართოდ ყრიან.               

ვფიქრობ ანალოგიურ როლს ასრულებს კამპანია „გიყვარდეს ადგილი, სადაც ცხოვრობ“ („Love Where You Live“), რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2011 წელს კომპანიებმა Keep Britain Tidy-მ, Imperial Tobacco-მ, McDonald’s-მა და ტკბილეულის მწარმოებელმა Wrigley-მ წამოიწყეს. Imperial Tobacco-მ კამპანია სკოლებშიც კი გადაიტანა.

კორპორაციების აქცენტი ნარჩენებზე, რომელსაც მედია აძლიერებს, ამახინჯებს ჩვენს შეხედულებებს ეკოლოგიურ პრობლემებზე. მაგალითად, მდინარეების დაბინძურების შესახებ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანები „ნაგავს და პლასტმას“ ასახელებენ. სინამდვილეში, წყლების დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო სოფლის მეურნეობა და საკანალიზაციო წყლებია. ნარჩენები ამ სიაში ბევრად ქვემოთაა. ეს არ ნიშნავს, რომ პლასტმასის წილი უმნიშვნელოა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ პლასტმასის შესახებ ვიცით.     

2004 წელს, სარეკლამო კომპანიამ Ogilvy & Mather, რომელიც ნავთობის გიგანტზე BP-ზე მუშაობდა, გადაბრალების გზაზე მორიგი ნაბიჯი გადადგა, როდესაც გამოიგონა პერსონალური „ნახშიროჟანგის ნაკვალევი“ (carbon footprint). სასარგებლო სიახლე იყო, მაგრამ მანაც პოლიტიკური ზეწოლა წიაღისეულის მწარმოებლებიდან მომხმარებლებზე გადაიტანა. ნავთობკომპანიები ამით არ შემოიფარგლენ. ყველაზე ექსტრემალური მაგალითი, რაც მახსენდება, ნავთობკომპანია Shell–ის მმართველის, ბენ ვან ვერდენის 2019 წლის სიტყვით გამოსვლაა. მან „სეზონური კვებისა და ნარჩენების მეტი გადამუშავებისაკენ“ მოგვიწოდა და საჯაროდ დატუქსა საკუთარი მძღოლი იანვარში მარწყვის კალათის შეძენისათვის. 

ბოლო 50 წელიწადში კორპორატიულმა მარკეტინგმა პოლიტიკა მკვეთრად გარდაქმნა - ადამიანები პრობლემების კოლექტიური გადაწყვეტიდან ინდივიდუალურზე გადავიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქალაქეები მომხმარებლებად იქცნენ. რთული მისახვედრი არ არის, ამ გზაზე ვინ დაგვაყენა. ერთობის შემთხვევაში მოქალაქეები ძლიერები არიან და  პოლიტიკურ ცვლილებებს აღწევენ, მაგრამ როგორც მომხმარელები, ჩვენ თითქმის უძლურები ვართ. 

თავის წიგნში „ცხოვრება და ბედისწერა“ („Life and Fate), ვასილი გროსმანი აღნიშნავს, რომ სტალინისა და ჰიტლერს ზეობის დროს „თავი იჩინა ადამიანის ერთ-ერთმა ყველაზე გასაოცარმა თვისებამ, მორჩილებამ“. დამორჩილების ინსტიქტმა გადარჩენის ინსტიქტი დაჯაბნა. სწორედ მორჩილების ფორმებია: გათითოკაცება, საკუთარი თავის მომხმარებლად აღქმა, წარმოუდგენელ სისულელეებზე კონცენტრირება მაშინაც კი, როდესაც სისტემური კოლაფსის ნიშნები სახეზეა. ჩვენ ცივილიზაციის დაღუპვას უფრო შევეგუებით, ვიდრე სოციალურ კატაკლიზმებს ან პოლიტიკურ პრობლემებს, რასაც არაკომფორტული თემების წამოწევა და ძლიერ ძალებთან დაპირისპირება გამოიწვევდა. მორჩილების რეფლექსი - ჩვენი უდიდესი ნაკლია, ადამიანის გონების საბედისწერო ხარვეზიც კი, რომელიც განადგურებით გვემუქრება.   

რა მოხდება თუკი ჩვენ „ზედაპირულ მღელვარებას“ გავარღვევთ? პირველი, რის წინაშეც აღმოვჩნდებით და რაც გონების დაკარგვამდე შეგვაშინებს, ესაა, ეკონომიკური ზრდა. ის საყოველთაოდ აღიარებული სიკეთეა. მთავრობების წარმატება მისი რეალიზების უნარით იზომება. მაგრამ ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა არის ის სინამდვილეში. 

ვთქვათ, ვაღწევთ მოკრძალებულ მიზანს ისეთი ორგანიზაციების შეფასებით, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი - 3%-იან გლობალურ ზრდას წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს ეკონომიკური აქტივობა რასაც დღეს ხედავთ (და გარემოზე მისი ზემოქმედების ეფექტი) 24 წელიწადში გაორმაგდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2045 წლისათვის. შემდეგ გაორმაგდება - 2069 წლისთვის. შემდეგ ისევ - 2093 წლისთვის. ეს „ჰარი პოტერსა და სიკვდილის საჩუქრებში“ ჯემინოს წყევლას (Doubling Charm იგივე Gemino curse) ჰგავს, რომელიც ლესტრეინჯის სარდაფში განძს აორმაგებს და ამრავლებს მას იქამდე, ვიდრე ჰარის და მისი მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ყველა იმ კრიზისის გადალახვა, რომლის გადაწყვეტასაც დღეს ვცდილობთ, დროის მდინარებასტან ერთად ორჯერ გართულდება, შემდეგ კიდევ და კიდევ გაორმაგდება და ასე შემდეგ.

მივაღწიეთ თუ არა ფსკერს? არავითარ შემთხვევაში. ჯემინოს წყევლა მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია იმისა, რის ხსენებასაც ასე ვერიდებით. იყო დრო, როცა ღმერთის სახელის ხსენება მკრეხელობად მიიჩნეოდა. დღეს ასეთი ტაბუირებული სიტყვაა: კაპიტალიზმი.       

ადამიანების უმრავლესობა იბრძვის ამხილოს სისტემა, რომელიც მათ ცხოვრებაზეა გაბატონებული. მაგრამ პრობლემებად მძიმე შრომა და წარმოება, ყიდვა-გაყიდვა მიაჩნია. სისტემის მიზანიც ესაა, რომ მისი მომხარებლები ასე ფიქრობდნენ. სინამდვილეში, კაპიტალიზმის პირობებში დიდი ქონება ასე არ გროვდება, არამედ ძარცვის, მონოპოლიებისა და სხვათა ქონებების დაპატრონების ხარჯზე.

ერთ-ერთი შეფასების თანახმად, 200 წლის მანძილზე, ბრიტანელებმა ინდოეთიდან, დღევანდელი კურსით, 45 ტრილონი დოლარი ამოიღეს. ეს ფული მათ სახლში ინსდუსტრიალიზაციისა და სხვა ერების კოლინიზებისათვის გამოიყენეს, რომელთა სიმდიდრეც, თავის მხრივ, ძარცვით მიითვისეს.  

ძარცვას მხოლოდ გეოგრაფიული ხასიათი არ აქვს, ის დროშიც ხდება. ჩვენი ეკონომიკების მოჩვენებითი ჯანმრთელობა დამოკიდებულია მომავალი თაობებისათვის ბუნებრივი რესურსების მოპარვაზე. სწორედ ამას აკეთებენ ნავთობკომპანიები, გადააქვთ რა ჩვენი ყურადღება პლასტმასისა და ნახშიროჟანგის ნაკვალევზე. ეკონომიკური ზრდის გარანტია დღეს მომავლის ძარცვაა. კაპიტალიზმი, რომელიც რაციონალურად გამოიყურება როდესაც მას წამყვანი ეკონომისტი გვიხსნის, ეკოლოგიური თვალსაზრისით არაფერია, გარდა ფინანსური პირამიდისა. კაპიტალიზმი საშუალებაა რაღაც უფრო მეტის, სიმდიდრის, მისაღწევად.  

თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მწვანედ მიიჩნევთ თავს. თქვენი გავლენა გარემოზე არაა დაკავშირებული თქვენს დამოკიდებულებებთან, ან მომხმარებლურ ჩვევებთან, არც არჩევანთან, რომელსაც აკეთებთ. მთავარი თქვენი ფულია. როცა ზედმეტი ფული აღმოგაჩნდებათ, თქვენ მას ხარჯავთ. შეგიძლიათ დაიმშვიდოთ თავი, რომ მწვანე მეგა-მომხმარებელი ხართ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ხართ უბრალოდ მეგა-მომხმარებელი. სწორედ ამიტომაა, რომ ძალიან მდიდარი ადამიანების გავლენა გარემოზე, ყველა შემთხვევაში, იმაზე მნიშვნელოვნად დიდია, ვიდრე ყველა დანარჩენის.

გლობალური დათბობის პრევენცია 1,5 °C-ით ნიშნავს იმას, რომ საშუალო გამონაფრქვევი არ უნდა აღემატებოდეს ორ ტონა ნახშიროჟანგს ერთ ადამიანზე წელიწადში. მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 1% აწარმოებს საშუალოდ 70 ტონაზე მეტ ნახშიროჟანგს. ერთ-ერთი შეფასებით, ბილ გეითსი ატმოსფეროში თითქმის 7 500  ტონა CO2-ს აფრქვევს, ძირითადად, თავისი კერძო თვითმფრინავებით ფრენისას. იმავე მონაცემებით, რომან აბრამოვიჩი აწარმოებს თითქმის 34 000 ტონა CO2-ს თავისი გიგანტური იახტის მართვისას.        

უმდიდრესი ადამიანების სახლები, შესაძლოა, აღჭურვილი იყოს მზის პანელებით, ისინი შესაძლოა გადაადგილდებოდნენ ელექტრო ავტომობილებით, მათი კერძო თვითმფრინავები ბიოსაწვავით დაფრინავდნენ, მაგრამ ეს ცვლილებები გარემოზე ან მიზერულად აისახება, ან პირიქით, ტრადიციულ საშუალებებზე უფრო დამაზიანებელია. მაგალითად, ბიოსაწვავზე გადასვლა, რომელსაც ბილ გეითსი იწონებს, დღეს გარემოს განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ხის გრანულებისა და თხევადი საწვავის წარმოებისათვის იჩეხება ტყეები, ხოლო ბიომეტანის მოპოვების გამო ნიადაგი ზიანდება.     

მაგრამ უმდიდრესი ადამიანების პირდაპირ გავლენაზე მეტად, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და კულტურული ძალაუფლება, რომლითაც ისინი ეფექტიან ცვლილებებს ბლოკავენ. მათი კულტურული ძალაუფლება მაჰიპნოზირებელ ზღაპარს ეფუძნება. კაპიტალიზმი გვარწმუნებს, რომ ჩვენ მხოლოდ დროებით არ ვართ მილიონრები. სწორედ ამიტომ ვითმენთ ამდენს. სინამდვილეში, ადამიანთა გარვეული ჯგუფები ზემდიდრები არიან იმიტომ, რომ სხვები არიან უკიდურესაც ღარიბები: უდიდესი სიმდიდრე ექსპლუატაციას ეფუძნება. ჩვენ რომ ყველანი მილიონრები გავხმდარიყავით, პლანეტა თვალის ერთ დახამხამებაში აგვიფეთქდებოდა. თუმცა, ჩვენი გამდიდრების შესახებ ყველა ზღაპარი ჩვენი მორჩილების გარანტია.

მწარე სიმართლე კი ისაა, რომ კლიმატური და ეკოლოგიური კატასტროფის პრევენციისათვის, მადა უნდა დავიოკოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ბელგიელი ფილოსოფოსი ინგრიდ რობეინსი (Ingrid Robeyns) ლიმიტარიანიზმს უწოდებს. ზუსტად ისევე, როგორც არსებობს სიღარიბის ზღვარი, რომელსაც არავინ უნდა ჩამოსცდეს, არსებობს სიმდიდრის ზღვარი, რომელსაც არავინ უნდა აჭარბებდეს. ჩვენ სიმდიდრის დაბეგვრა გვჭირდება და არა ნახშიროჟანგის. არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ExxonMobil-ს ნახშიროჟანგის მოხმარების დაბეგვრა უნდა. ეს მრავალმხრივი ეკოლოგიური კრიზისის მხოლოდ ერთი ასპექტია, რომლითაც მთავარი დამნაშავეები პასუხისმგებლობს თავს არიდებენ და ის ყველა დანარჩენზე გადააქვთ. მეტიც, ასეთი ზომა, შესაძლოა, უფრო რეგრესული აღმოჩნდეს და  ღარიბებს მდიდრებზე მეტის გადახდა მოუხდეთ.   

არადა პრობლემის რეალური გადაწყვეტის გზა სიმდიდრის დაბეგვრაა. გადასახადები საკმარისად მაღალი უნდა იყოს იმისათვის, რომ მომხვეჭელობის მანკიერი სპირალი გაწყდეს და პატარა ჯგუფის მიერ დაგროვილი სიმდიდრე თანაბრად განაწილდეს. ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სხვა გზაზე გაგვიყვანდა, რომელსაც მე ვუწოდებდი „კერძო კეთილდღეობა - საზოგადო ფუფუნება“- ს. 

რადგან დედამიწაზე არ არის საკმარისი ეკოლოგიური და ფიზიკური სივრცეც კი იმისათვის, რომ ყველა ცალკეულმა ადამიანმა მოიწყოს კერძო კეთილდღეობა, საკმარისია თითოეული მათგანი ვუზრუნველყოთ საზოგადოებრივი ფუფუნებით: შესანიშნავი პარკებით, საავადმყოფოებით, აუზებით, სამხატვრო გალერეებით, ჩოგბურთის კორტებით და სატრანსპორტო სისტემებით, საბავშვო მოედნებით და საზოგადოებრივი ცენტრებით. თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს საკმარისად უზრუნველყოფილი, და თუკი ფრთების გაშლა მოგვინდება, ამის გაკეთება ისე უნდა შევძლოთ, რომ რესურსები სხვა ადამიანებს არ წავართვათ.          

როდესაც ჩვენ არ ვაპროტესტებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების ნგრევას, ამით უმდიდრესი ადამიანებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მძლავრი კორპორაციების ნება-სურვილს ვასრულებთ და მათ საქმიანობაზე სოციალურ ლიცენზიას გავცემთ. 

ჩვენ გადავრჩებით, თუკი მორჩილებაზე უარს ვიტყვით. ეს იცოდნენ მე-19 საუკუნეში დემოკრატიისთვის მებრძოლებმა, სუფრაჟისტებმა, მაჰათმა განდიმ, მარტინ ლუთერ კინგმა. ეკოპროტესტანტებმა, რომლებიც სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ, ასევე გაითავისეს ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება. სისტემური ეკოლოგიური კოლაფსის საწინააღმდეგო კამპანიებში, როგორებიცაა In Fridays for Future, Green New Deal Rising, Extinction Rebellion და სხვები ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, დიდწილად ახალგაზრდებს, რომლებსაც მორჩილება აღარ უნდათ. მათ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი გაიაზრეს. ჩვენი გადარჩენა ჩვენს პროტესტსა და წინააღმდეგობაშია. 

სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში", ივლისი, 2022

https://is.gd/Ze6oE5

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"

მეტი

^