კომპანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს შეცვლის აპლიკაციების მაღაზიის, App Store-ის პოლიტიკას და ზოგიერთ აპლიკაციას, როგორებიცაა Netflix და Spotify, მისცემს უფლებას არ გადაიხადონ მომხმარებლების გადასახადიდან 30%-იანი საკომისიო.
სიახლე შეეხება ასევე ეგრეთ წოდებულ საკითხავ აპლიკაციებს, რომლებიც საშუალებას გაძლევს შეძენილი კონტენტი წაიკითხო, მოისმინო და ნახო, ასევე გამოიწერო ელექტრონული ვერსიები ჟურნალების, წიგნების და გაზეთების, გამოიწერო ვიდეო და მუსიკა.
Apple საშუალებას მისცემს შემქნელებს აპალიკაციებში დაამატონ ბმულები საკუთარ ვებგვერდებზე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ „ექაუნთის“ მართვას და გადახდას. ახლა ასეთმა აპლიკაციებმა უნდა გამოიყენონ App Store-ის შესყიდვების სისტემა, რომლის საშუალებითაც Apple აპლიკაციების შიგნით ჩამოტვირთვებისა და გამოწერებისგან 30%-იან საკომისიოს იღებს.
Apple-მა გადაწყვეტილება იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისიასთან დიდი ხნის დავის გამო მიიღო. კომპანიამ შესაბამისი შეთანხმება გააფორმა იაპონურ რეგულატორთან, მაგრამ გადაწყვიტა სიახლე გლობალურ დონეზეც გაავრცელოს.
App Store-ის პოლიტიკის ცვლილება არ გავრცელდება თამაშებზე - მობილური აპლიკაციების ყველაზე შემოსავლიან სეგმენტზე.
მანამდე აპლიკაციების შემქმნელები აკრიტიკებდნენ Apple-ს ამ 30%-იანი საკომისიოს გამო. 2020 წლის სექტემბერში, აპლიკაციების რამდენიმე მსხვილი შემქმნელი - Epic Games, Spotify, Deezer, Tinder, ProtonMail - გაერთიანდნენ კოალიციაში „აპლიკაციების სამართლიანობისთვის“, Apple-ის საკომისიო პოლიტიკასთან საბრძოლველად.
2021 წლის 1 იანვარს, Apple-მა შეამცირა App Store-ის საკომისიო 30%-დან 15%-მდე იმ კომპანიებისათვის, ვინც აპლიკაციების მაღაზიაში მილიონ დოლარზე ნაკლები გამოიმუშავა.