1909 წელს, ფრანგმა ფსიქიატრმა რაულ ლერუამ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც საინტერესო ფსიქიკური აშლილობა აღწერა. ამ აშლილობის დროს ადამიანები ლილიპუტებს ხედავდნენ. ლერუამ შეგნებულად გამოიყენა სიტყვა „ლილიპუტი“, რადგან ასე უწოდებდა ქონდრის ადამიანებს ჯონათან სვიფტი. ფსიქოლოგს თავადაც მოუწია ჰალუცინაციების დროს ლილიპუტების დანახვა, რომლებსაც ის აღწერს ერთ ციდა, ფერად, ძალიან მოძრავ და სასამოვნო არსებებად.
ეს ფსიქოლოგიური ფენომენი კვლევით გაამყარა მეცნიერმა იან დირკ ბლომმა. მან ყურადღებით შეისწავლა ლილიპუტებზე დაკვირვების 226 დოკუმენტირებული მტკიცებულება.
შემთხვევათა უმრავლესობაში, ადამიანები ხედავდნენ უამრავ, რამდენიმე ათასიდან (ორ კონკრეტულ შემთხვევაში) რამდენიმე მილიონამდე პატარა არსებას, ამასთანავე, როგორც წესი, ლილიპუტები ძალიან მოძრავები იყვნენ, დახტოდნენ სკამებზე, ცეკვავდნენ მაგიდებზე ან ათასგვარ ილეთს ასრულებდნენ.
ბლომმა მათ რეალობაზე ორიენტირებული პროეცირებული ჰალუცინაციები უწოდა, რადგან ისინი სამგანზომილებიან სივრცეში, რეალურ ვითარებასა და ფიზიკის ყველა კანონის დაცვით ხდებოდა.
ამ არსებების სიმაღლე იყო ერთი მილიმეტრიდან ერთ მეტრამდე (საშუალოდ 23 სანტიმეტრი), მაგრამ ზოგჯერ მოჩვენებებში ჩნდებოდნენ ნამდვილი გიგანტებიც, როგორც ბრობდინგნეგის გოლიათების ქვეყნიდან (ისევ სვიფტის მსგავსად, რაც იწვევს ეჭვს, რომ მსგავსი ჰალუცინაციები თავად ავტორსაც ჰქონდა).
ჰალუცინაციები მკვეთრად განსხვავებული იყო ხანგრძლივობის მხრივაც: რამდენიმე წამიანი ჰალუცინაციიდან მოჩვენებამდე, რომელიც ადამიანებს ათწლეულობით არ ასვენებდათ.
იმავდროულად, ბლომმა უარყო ლერუას თეორია, თითქოს მსგავსი ჰალუცინაციები ყოველთვის სასიამოვნოა. ბლომის მონაცემებით, პაციენტების მოლოდ 36%-ს მიაჩნია ის საინტერესო და მხიარულ მოჩვენებად, 46% - მათი ეშინია, დანარჩენ 8%-ს გაუჭირდა თავისი განცდის აღწერა. იმავდროულად, პათოლოგია არანაირ საფრთხეს უქმნის არც პაციენტს და არც გარშემომყოფებს.
ბლომის გათვლებით, მსგავსი ჰალუცინაციები ფსიქიატრიული კლინიკების 10 ათასი პაციენტიდან ყოველ 30-80 ადამიანს აღენიშნება, რაც მსგავს მოვლენას ფართო საზოგადოებისათვის, რომელიც ფსიქიატრიულ დისპანსერებში არ აღირიცხება, უკიდურესად იშვიათ მოვლენად აქცევს.