მაღალი არტერიული წნევით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა დღეს მსოფლიოში თითქმის 1,3 მილიარდია. მათი ნახევარი აუცილებელ მკურნალობას ვერ იღებს, ყოველმა მეორემ კი თავისი დაავადების შესახებ არც იცის.
ასეთია მასშტაბური კვლევის შედეგები, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა ამ სფეროში. მონაცემები ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა. ავტორებმა უდიდესი მოცულობის მონაცემები შეაგროვეს და გააანალიზეს. კერძოდ, მათ თავი მოუყარეს მთელი მსოფლიოს პაციენტების წნევის მონაცემებს 1990 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.
ეს იმ ფონზე, როდესაც ჰიპერტონიის დიაგნოსტირება სახლის პირობებში საკმაოდ იოლია. წნევის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება შედარებით იაფია განვითარებად ქვეყნებშიც კი, ხოლო ჰიპერტონიის ტიპური გართულებები - ინსულტი, ინფარქტი, გულის და თირკმლის უკმარისობა - სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ყოველწლიურად ამ დაავადებებს 18 მილიონი ადამიანი ეწირება.
სტატისტიკის თანახმად, ჰიპერტონია კაცებში უფრო გავრცელებულია (51%), ვიდრე ქალებში (41%), მაგრამ ისინი ექიმს ბევრად იშვიათად მიმართავენ. კვლევის თანახმად, მაღალი წნევით დაავადებული კაცების თითქმის 2/3 (62%) არანაირად მკურნალობს. ამასთანავე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არტერიული ჰიპერტონიის პრობლემა, გავრცელების ხარისხით, ტრადიციულად ბევრად მწვავეა, ვიდრე მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
მეცნიერები ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ზრდას მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის დაბერებით ხსნიან. მათი განცახადებით, ასაკის მატებასთან ერთად, არტერიული ჰიპერტონიის სიხშირე იზრდება, ხოლო მოხუცების რაოდენობის ზრდა ჯანდაცვის სისტემის დატვირთვას ზრდის.