Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვები მედიაში: ქველმოქმედება, სიბრალული და სოციალური პრობლემები

04 ივლისი, 2014 18:56

ბავშვთა საკითხები საქართველოში, ძირითადად, ნეგატიურ, პრობლემატურ ანდა სიბრალულის კონტექსტში შუქდება - ეს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ახალი ანგარიშის შედეგებია, რომელიც ბავშვთა საკითხების გაშუქებას ეხება და 2014 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

მონიტორინგის მიხედვით, ბავშვები მასმედიაში ხშირად გვხვდებიან, როგორც ძალადობის მსხვერპლნი, ქველმოქმედების ობიექტები ან სოციალური პრობლემატიკის ლუსტრაციის საშუალებები.

მედიაში იმატა სოციალური პრობლემატიკის გაშუქებამ. სოციალური პრობლემების თვალსაჩინოდ ჩვენების ერთ-ერთ საშუალებად კი, ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები სწორედ ბავშვებს ირჩევენ.

საანგარიშო პერიოდში სოციალური თემატიკის გააქტიურება ბავშვთა სიღარიბის შესახებ გაეროს კვლევის გამოქვეყნებამაც გამოიწვია. თემატიკის მომატებამ მედიაში მისი თანმდევი პრობლემებიც უფრო მეტად გამოაჩინა. მაგალითად, სოციალური პრობლემების საჩვენებლად და მაყურებელსა თუ მკითხველში მაქსიმალური ემოციის გამოსაწვევად, მედია კვლავაც მიმართავს ამბის დრამატიზების სხვადასხვა საშუალებას: მუსიკა ვიდეორეპორტაჟებში, ემოციური, ზოგჯერ ხატოვანი ტექსტი პრესასა და ონლაინმედიაში.

“ჩვეულებრივ, მსგავსი მასალების მომზადება კეთილი განწყობებითა და კონკრეტული ადამიანების დახმარების სურვილითაა განპირობებული, თუმცა არის კი მედია ცალკეული სოციალური, ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების გზა, მაგალითად, თანხის შეგროვების მიზნით? თუ მედიამ უნდა მოახერხოს და მსგავსი პრობლემების კომპლექსურ გაშუქებაზე და, შესაბამისად, მოგვარებაზე გააკეთოს აქცენტი. თითოეული მსგავსი მაგალითი გამოიყენოს საკუთარი მთავარი ფუნქციის, ხელისუფლების მაკონტროლებლის განსახორციელებლად”, - წერია ანგარიშში.

ზემოთ აღნიშნული ტენდენციის მაგალითად კვლევაში ტელეკომპანია TV3-ის რეპორტაჟია მოტანილი მოზარდის შესახებ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და დღეს დახმარება ესაჭიროება.

სიუჟეტში ჩანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის სხეულზე არსებული დაზიანებების კადრები, სიუჟეტში ჩასმულია ინტერვიუს ფრაგმენტი თავად მოზარდთან, რომელსაც მიღებული დაზიანებების გამო საუბარი უჭირს. მონიტორინგის შედეგებში წერია, რომ სიუჟეტი მხოლოდ 15 წლის მოზარდის ოჯახში თანატოლებთანაა გადაღებული და არ მოიცავს არც სპეციალისტების, არც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, არც რომელიმე პროფილური ორგანიზაციის  კომენტარს, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები აკისრია სახელმწიფოს ამ კონკრეტული მოზარდისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ბავშვების დასახმარებლად.

რაც შეეხება, ბავშვთა საკითხების თემატურ გადანაწილებას პრესაში, ონლაინმედიასა და ტელევიზიაში, სამონიტორინგო პერიოდში სულ 4 470 შესწავლილი ნამუშევრიდან საერთო მონაცემებით, ყველაზე დიდი პროცენტი - 26% განათლების სფეროზე მოდის, ქველმოქმედება -16%, ჯანდაცვა -12%, სოციალური თემატიკა - 9%, კრიმინალი - 11%, ბავშვთა უფლებები - 2%, ბავშვზე ძალადობა - 1% და ა.შ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ განათლების საკითხების გაშუქების აქტუალიზაციას სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, ამ პერიოდში გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემები ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც განათლების საკითხებსაც მოიცავდა. ასევე, ამაზე დიდი გავლენა იქონია ეროვნული გამოცდების თემებმა და თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში მიმდინარე მოვლენებმა. “განათლების” კატეგორიაში მოხვედრილი მასალების დიდი რაოდენობა სწორედ მიმდინარე ახალ ამბებზე მოდის. 

რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტური ეთიკური ნორმებიდან გადაცდომის ფაქტებს, ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადად მედიაში ბავშვთა საკითხების შემდეგნაირი გაშუქება გვხვდება: ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ან მოზარდის ირიბი იდენტიფიცირება; ოჯახური ტრაგედიის მონაწილე ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება; უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, როდესაც საქმე ეხება ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებულს; პირადი და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; ბავშვის რეტრავმატიზებისა და სტიგმატიზების საფრთხე; ბავშვთა გარკვეული ჯგუფების სტერეოტიპული გაშუქება; არასწორი და ამავე დროს დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მედიას რეკომენდაციებით მიმართავს და ურჩევს, რომ გახდეს მეტად პროაქტიური, თავად შეძლოს ბავშვთა საკითხებით პრობლემების აქტუალიზება და მხოლოდ მიმდინარე თემებით არ შემოიფარგლოს; დაიცვას ბავშვის ანონიმურობა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს კანონთან კონფლიქტში მყოფი და ძალადობის მსხვერპლი, 18 წლამდე ბავშვების პირდაპირ და ირიბ იდენტიფიცირებას.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ ხშირად ბავშვებს გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურების ან კერძო პირებისა და კომპანიების რეკლამირებისთვის იყენებენ. ეთიკის ქარტია მასმედიის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღონ და მსგავსი საკითხების გაშუქებას ხელი არ შეუწყონ.

დაბოლოს, “მედიამ თავისი ბერკეტი უნდა გამოიყენოს, არამხოლოდ ცალკეული ბავშვების სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ჟურნალისტი უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელი”, - წერია “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ანგარიშში.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ენერგ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^