
რუსთაველის 37 ნომერში, მელიქ-აზარიანცის სახლს ხანძარი წუხელ გაუჩნდა, რომლის შედეგად, შენობის მე-3, მე-4 და მე-5 სართულები დაიწვა.
როგორც საპროექტო კომპანიის თანამშრომელმა, არქიტექტორმა ლალი შაშიაშვილმა „ლიბერალს" შემთხვევის ადგილზე უთხრა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარი პირველ სართულზე ბუნკერში ცეცხლის დანთების შედეგად გაჩნდა.
„თუ არ ვცდები, დარაჯმა დაინახა, როგორ თბებოდნენ პირველ სართულზე ბუნკერში დანთებულ ცეცხლზე უსახლკაროები და ხანძარიც ამან გამოიწვია; ცეცხლი ბუნკერიდან გავრცელდა. მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს და წყალმა ყველაფერი დააზიანა. ხანძრის შედეგად დაზიანდა კულტურის სამინისტროს კუთვნილი არქივიც", - უთხრა „ლიბერალს" შაშიაშვილმა.
ხანძრის შედეგად დაიწვა შენობაში განთავსებული ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი #1", საპროექტო კომპანია „ხურო XXI". კომპანიის თანამშრომლის თქმით, დაიწვა რუსთაველის #37-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართიც.