
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფის პროექტი განიხილეს.
მისი თქმით, მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმისათვის, რომ მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნას მთელ საქართველოში და დაახლოებით 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში გახდეს ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი.
„საუბარია მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნაზე. ამისთვის მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. კომპანია, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელით უზრუნველყოფა, რომლის შემდგომაც უკვე პროვაიდერები მოახდენენ მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. სამი წლის თავზე დღეიდან, დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე სოციალური დანიშნულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.