საქართველოს პარლამენტმა 65 ხმით 33-ის წინააღმდეგ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, ახლებურად ჩამოყალიბდა ტერმინების - „კომერციული რეკლამა“ და „ტელეშოპინგი" დეფინიციები და განისაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა.
„ტერმინთა განმარტებას ასევე დაემატა - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება და შესაბამისი მუხლი აისახა კანონშიც. განისაზღვრა „სამაუწყებლო საათის“ განმარტება. დაზუსტდა სოციალური რეკლამა და ასევე ზოგიერთი სხვა დეფინიცია. განისაზღვრა სპონსორების შესახებ მითითების და სპონსორზე მითითების აკრძალვის რეგულაციები და კანონს ასევე დაემატა ჩამონათვალი იმ სახის პროგრამებისა, რომელთა სპონსორობაც იკრძალება“, - ვკითხულობთ პარლამენტის ვებგვერდზე.
მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო, ან/და ტელეშოპინგის არხისა, რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის, თუმცა შესაძლებელია, განთავსდეს პროგრამის მსვლელობისას ისე, რომ არ დაირღვეს „პროგრამის ფასეულობა“. ცვლილების მიხედვით, არ შეიძლება ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური პირის გამოსვლის, რელიგიური რიტუალის ტრანსლაციის ჭრა რეკლამით.
საკანონმდებლო ცვლილება უშვებს სარეკლმაო წყვეტას პროგრამის მსვლელობისას იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მხატვრულ ფილმზე, რომელიც არის 15 წუთზე მეტის, ან საბავაშვო გადაცემაში, რომელიც აღემატება 30 წუთს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში რეკლამა შეიძლება გავიდეს 30 წუთში ერთხელ.