ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც იძულებით ნარკოტესტირებაზე სასამართლო კონტროლის შემოღების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, პროექტის ავტორმა, გოგა ხაჩიძემ, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„პოლიციის შესახებ კანონსა" და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების კანონპროექტით, პირისთვის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე გახდება შესაძლებელი.
გოგა ხაჩიძის თქმით, კანონპროექტის მიღების ორი აუცილებლობა არსებობს. მისი განმარტებით, ადიქტოლოგიის კვლევითი ცენტრის - „ალტერნატივა ჯორჯიას" მონაცემებში აღნიშნულია, რომ 2013 წელს ბიოლოგიურ სითხეში ნარკოტიკებსა და მეტაბოლიტებზე ტესტირება გაიარა 60 196 ადამიანმა, რომელთაგან 37 485 (ანუ 62%) პირს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
„ნარკოტესტირებების მაჩვენებელმა პიკს 2013 წელს მიაღწია, როდესაც დაახლოებით 60 000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს გონივრული ეჭვის საფუძველზე. აქედან 70%-ზე მეტი გამოუშვეს, რადგან მათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუმტკიცდათ. 2/3-ის შემთხვევაში გონივრული ეჭვი არცთუ გონივრული აღმოჩნდა. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ეს პროექტი“ - თქვა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც კანონპროექტის კანონად ქცევის აუცილებლობაზე მიუთითებს, ვიზალიბერალიზაციის მესამე პროგრესანგარიშია, რომელშიც წერია, რომ საქართველომ უნდა „გაითვალისწინოს სასამართლო კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავ ნარკოშემოწმებებზე".
„ეს პრაქტიკა შეურაცხმყოფელია. მან ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ნარკოტესტირებაზე. ბევრი ნარკომომხმარებელი აღმოჩნდა შეურაცხყოფილი. 2008 წელს 18 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროცესზე. შეგვეძლო, ეს თანხა სხვა მიმართულებით მიგვემართა ნარკოპოლიტიკაში, მაგალითად რეაბილიტაციასა და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ასეთი პრაქტიკა აღარ არსებობს, ყველგან სასამართლოა ჩართული“ - თქვა ხაჩიძემ.
კანონპროექტის შესახებ შენიშვნები გამოთქვა დეპუტატმა, თემურ ნერგაძემაც. მისი თქმით, გონივრული ეჭვის საფუძველზე შემოწმება, რომელიც 2006 წელს დაიწყო, ცუდი პრაქტიკაა.
„ამის გამო ბიუჯეტში დაახლოებით 50 მლნ ლარი შევიდა. რაც მეტს აჯარიმებენ, მით მეტი შედის ბიუჯეტში“ - თქვა ნერგაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, სასამართლოების გადატვირთვა გამოიწვიოს, თუმცა მისივე თქმით, თუკი არჩევანი გაწეულ ხარჯსა და ადამიანის უფლებების რეალიზებაზე მიდგება, უპირატესობა უსიტყვოდ ამ უკანასკნელს ენიჭება.
შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, სოფო კილაძემ კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მისი წარმოდგენილი სახით ამოქმედება გაუმართლებლად მიაჩნია.
მან ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროგრესანგარიშში არსებულ ჩანაწერზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკომისია საქართველოს სასამართლო კონტროლის შემოღებას კი არ ავალდებულებს, არამედ ამ საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველო შემდგომ ანგარიშს უნდა დაელოდოს, რომელიც აჩვენებს, თუ რომელ პოზიციას იზიარებს ევროკომისია.
„გაუმართებლად მიგვაჩნია, რადგან აქ საქმე მხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას არ ეხება, არამედ ქვეყნის გენოფონდს, ნარკოტიკებისგან თავისუფალ თაობას. რას მოგვიტანს ეს კანონპროექტი? კრიმინალის დონე აუცილებლად მოიმატებს. ბარიერების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდება ნარკოტესტირებაზე გადაყვანა. სამინისტროს ხელ-ფეხი ექნება შეკრული“ - თქვა კილაძემ.
მან დეპუტატებს შეახსენა, რომ 2013 წელს პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კანონში ჩაიწერა „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“, რაც ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა.
„სტატისტიკიდან გამომდინარე, შსს-მ შეიმუშავა მინისტრის ბრძანება, რომელშიც დაზუსტდება, რა შემთხვევაში შეუძლია სამართალდამცავს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა. ერთ-ერთი ჩანაწერი გულისხმობს ნარკოტიკული თრობის კლინიკურ გამოვლინებებს. ეს კონკრეტულად გაიწერება. მას, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს, გენინსპექცია პასუხისმგებლობაში მისცემს. ეს ვითარების გამოსწორების ერთადერთი ბერკეტია“ - თქვა მან.
სოფო კილაძის თქმით, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში საუკეთესო საშუალება პრევენციული მიმართულებების განვითარებაა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტზე მუშაობის ვადის გაგრძელების წინადადებით პარლამენტის ბიუროს მიმართოს.