2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 841-დან 905 მილიონ ლარამდე იზრდება. 2015 წლის გეგმის მიხედვით, ეს თანხა 840,8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს - 741,1 მილიონ ლარს.
ბიუჯეტის ზრდა პედაგოგთა საბაზისო ხელფასის ზრდამ განაპირობა. პროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოიყოფა 572,9 მილიონი ლარი, რაც სკოლის პედაგოგების ხელფასების მომატებას მოხმარდება.
2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი 305-დან 355 ლარამდე გაიზარდა. 2016 წლის აპრილიდან კი მისი 405 ლარამდე გაზრდა იგეგმება. გაზრდილი ბიუჯეტი მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის დანამატის დასაფინანსებლად საჭირო ხარჯსაც ითვალისწინებს.
პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 36,0 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დაფინანსებას, ამისთვის 174,0 მილიონი ლარია გაწერილი.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ჯამში 94,4 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროექტის მიხედვით, 48,9 მილიონი ლარი მოხმარდება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 11 მილიონი, უმაღლესი და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
გაიზრდება სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსებაც. მომავალი წელს შრომის ანაზღაურებისთვის 26, 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა მიმდინარე წელს 25,5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს - 17,6 მილიონს.
ბიუჯეტის პირველადი პროექტი საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებს.