ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე დაადასტურა.
„შეხვედრები რეგულარულად იმართება და ახალი შეხვედრა უახლოს მომავალშია დაგეგმილი", - ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ „გაზპრომისგან“ მოიპოვა.
ამასთანავე, „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, კალაძესა და „გაზპრომს“ შორის საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე.
„აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში, რადგან არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მოვახერხოთ ირანიდან ბუნებრივი აირის წამოღება და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, ირანიდან წამოღებული გაზი მოხვდეს თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, როგორც შაჰდენიზის შემთხვევაში“, - ამბობს კახა კალაძე.
მისივე განცხადებით, „გაზპრომთან“ გამართულ პირველ შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო შეხვედრა იყო, დაისვა საკითხი გაზსადენში გაზის მოცულობების გაზრდასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მილსადენი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი საშუალება გვექნება დამატებითი მოცულობები მივიღოთ, ასევე თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მათ მიეცეთ საშუალება ბუნებრივი აირი შემოიტანონ რუსეთიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე პროცესების პარალელურად, აზერბაიჯანულ გამომცემლობა haqqin.az -ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „კომპანიები „გაზპრომი“ და „სოკარი“ საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ“. სწორედ, ასეთ კონტექსტში განიხილავს გამოცემა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას, რომ „ცუდი არ იქნება, თუ საქართველო რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებს“.
„ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ და „სოკარი“ ქართული ბაზრისთვის ახალ ბრძოლას იწყებენ. უნდა აღინიშნოს, რომ „სოკარს“ ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანია და აზერბაიჯანული გაზის საფასური საქართველოსთვის გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე რუსული გაზის საფასური სომხეთისთვის.