
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლის დემონტაჟი დასრულდა.
დემონტაჟისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, პოლიციამ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი, სოფლის მაჟორიტარი კობა გოჩალეიშვილი დააკავა.
სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი გუშინ დადგეს. ადგილობრივებმა ის შორაპნის სკვერში, მემორიალურ დაფასთან გვიან ღამით შენიშნეს და პროტესტის ნიშნად თეთრი საღებავი შეასხეს.
ადგილობრივი ხელისუფლება შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმის ფაქტს გაემიჯნა და განაცხადა, რომ შორაპნის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა, კობა გოჩალეიშვილმა მონუმენტს ადგილი მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით შეუცვალა.
ისინი აცხადებდნენ, რომ სტალინის ძეგლი წლების განმავლობაში ძველი ელემენტების ქარხნის ეზოში იდგა და მათთვის უცნობი იყო, ვინ გადაიტანა მონუმენტი მემორიალურ დაფასთან.
„ადგილობრივი თვითმმართველობა ემიჯნება შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმას. მუნიციპალიტეტს არ გაუცია არანაირი ნებართვა ძეგლის განთავსების შესახებ. მისი დადგმა განხორციელდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ფარულად. როგორც თვითმმართველობისთვის ცნობილი გახდა შოროპნის სკვერში, იქ სადაც 1941 –45წ.წ გარდაცვლილთა მემორიალური დაფაა განთავსებული ძეგლი შორაპნის მაჟორიტარმა (დამოუკიდებელმა ) დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით, საკუთარი ძალისხმევით დადგა“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი