საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ბოდიშს უხდის. მან გადაცემა „არჩევანში“ გამოიყენა ფრაზა „თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ“. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ის გაცხარებული იყო და ეს ფრაზა უნებლიედ წამოსცდა.
„არ მინდოდა, შეურაცხყოფა ან ტკივილი მიმეყენებინა ვინმესთვის. საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ამის შემდეგ ფრთხილად ვიქნები,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა და მშობლების ქსელმა „მოძრაობა ცვლილებებისთვის” სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსაგვსი ფრაზების გაჟღერება და მით უფრო ტელეეთერის საშუალებით დაუშვებელია.
„მივიჩნევთ რომ აღნიშნული განცხადება უხეშად არღვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებებს და ლახავს მათ ღირსებას. დაუშვებელია ადამიანის დიაგნოზი, თუ ფსიქიკური მდგომარეობა გამოყენებელ იქნეს დამაკნინებელ კონტექსტში. დაუშვებელია ადამიანისთვის ამა თუ იმ დიაგნოზის, მით უმეტეს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის სატელევიზიო ეთერში „დასმა“ და მისი გამოყენება დამაკნინებელ კონტექსტში.
მოგეხსენებათ, რომ ფსიკიკური ჯანმრთელობა დღემდე რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზრებულ და ტაბუდადებულ თემად. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა უწყობდეს ხელს ამ პრობლემების აღმოფხვრას და არა პირიქით.
ტელევიზია არ უნდა ტირაჟირებდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით და არ უნდა გამოჰქონდეს აღნიშნული ფრაზა ჰედლაინად, ხოლო ჟურნალისტს აქვს ვალდებულება, მსგავსი შემთხვევისას მოახდინოს რეაგირება და ეთერშივე შეძლოს შეცდომის ჩასწორება, - ნათქვამია განცხადებაში.