
იურიდიულმა კომიტეტმა „სავალდებულო სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ძირითადი არსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაში მდგომარეობს. პროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.
„საქართველოში დღეს არსებობს სისტემა, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა ჰქვია. ეს ინიციატივა გულისხმობს ამ სისტემის სრულად გაუქმებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრინციპულად მიუღებელია არსებობდეს ასეთი სამხედრო სავალდებულო სამსახური ან ზოგადად არსებობდეს რაიმე ტიპის სამსახური, სადაც სახელმწიფოს ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები მიჰყავდეს მათი ნების საწინააღმდეგოდ. რეალურად, ამ სისტემას არ აქვს კავშირი ამ ქვეყის თავდაცვისუნარიონობასთან, ამ ქვეყნის ჯარის ბრძოლისუნარიანობასთან. წლევანდელი მონაცემებით, წელს გაწვეულია 6 436 ახალგაზრდა. აქედან, რეალურად სამხედრო სამსახურში წავიდა დაახლოებით 25 %-ზე ნაკლები, დანარჩენი ახალგაზრდები გაწვეულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შენიშვნების გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საკმარისად მომზადებულად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე გატანას.
იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდეს, მას პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დეპუტატებმა პირველი, მეორე და მესამე მოსმენით მხარი უნდა დაუჭირონ, რის შემდეგაც კანონპროექტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.