
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.
თამარ ბერუჩაშვილი 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.