Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: როგორ სრულდება ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილი

18 დეკემბერი, 2015 13:45

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აქვეყნებს ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის შესრულების პირველი წლის შეფასების ანგარიშს, რომლის მომზადებაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ.

ანგარიშში, რომელიც სასამართლო სისტემის, ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურის რეფორმების განხორციელების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის, შრომითი უფლებებისა და სტანდარტებით, თანასწორი მოპყრობისა და ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებული ვალდებულებების შესრულების ანალიზს ასახავს, ნათქვამია, რომ გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეფასების მექანიზმი არ არსებობს.

ავტორები მიუთითებენ, რომ ერთსა და იმავე აქტივობებზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობა სუსტი და არასაკმარისია ყველა სფეროში, რომელსაც ანგარიში მოიცავს.

„შეუსაბამობაა სამოქმედო გეგმებში მითითებულ აქტივობებსა და ასოცირების დღის წერიგში განსაზღვრულ მიზნებს შორის; მოუწესრიგებელია გეგმის შესრულების შეფასების მაჩვენებლები, არ არსებობს თითოეული აქტივობის შესრულების დეტალური განრიგი მიღწეული პროგრესის გასაკონტროლებლად არ არის ცხადი, რამდენად არსებობს საკუთარი როლის შეფასების მექანიზმი შესაბამისი უწყების მიერ“ - აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

მართლმსაჯულება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც მართლმსაჯულების ნაწილს აფასებს, აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, თუმცა ამ სფეროში მთავრობის საქმიანობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

„მცირეოდენი მიღწევების ერთ-ერთი პოზიტიური მაგალითია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსის მიღება. დანარჩენი რეოფრმების მასშტაბი შეზღუდულია და საეჭვოა მათი ეფექტიანობა დამოუკიდებელი, პოზიტიურად ნეიტრალური და პროფესიონალური სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების შექმნის თვალსაზრისით“, - აცხადებენ ავტორები.

მათი განმარტებით, რეფორმების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში პარლამენტს, ფაქტობრივად, არავითარი როლი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმაში, მართლმსაჯულების სფეროში ჩამოყალიბებულ აქტივობათა უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. საია-ს განმარტებით, პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა პროცესის გარე მონიტორინგი, რაც მას არ გაუკეთებია.

ანტიკორუფციული, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ხელშეკრულების შესრულების შეფასების პირველი წლის შედეგებს იმედისმომცემს უწოდებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მიზნები მიღწეულია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღება, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც საჯარო სამსახურის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარაციებისთვის მონიტორინგის სისტემა შემოიღეს.

მათი განმარტებით, არასათანადო ყურადღება ეთმობა კანონს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.

სასტიკი მოპყრობა და წამება

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, რომელიც წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნაწილზე მუშაობდა, აღნიშნავს, რომ დახურული დაწესებულებების შიდაინსპექტირების სისტმები თანდათანობით ვითარდება, სასტიკი მოპყრობისა და სხვა სახის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობა ჯერ მაინც არ ჩანს.

„ისევ არ არსებობს დახურული დაწესებულებების გარე საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი“ - აცხადებს ორგანიზაცია.

ანგარიშის ავტორების განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, კერძოდ - განვითარდა ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა მენეჯმენტი, თუმცა წამების წინააღმდეგ ბრძოლაში პერსონალური როლი გასაძლიერებელია, რაც დაზიანების ადეკვატური დოკუმენტირების პრაქტიკაში დანერგვით მიიღწევა.

„ხელისუფლებამ შეასრულა მასზე დაკისრებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის თვალსაზრისით და განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ პატიმრებს, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე პირებსაც დროულად გაეწიოთ ადეკვატური და სამოქალაქო ჯანდაცვის შესაბამისი მკურნალობა საპატიმროებში“, - აცხადებენ ავტორები და აქვე განმარტავენ, რომ პაციენტთა საჭიროებების გასაანალიზებლად მართვის ინსტრუმენტები კიდევ უფრო დასახვეწია.

შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიუთითებს, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები შრომითი უსაფრთხოების მოგვარების საკითხზე დადებითად აისახა, თუმცა მათი განხორციელება არ არის ეფექტიანი. ორგანიზაციის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაწყებულია, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან... თანამშრომლობა თანდათან ღრმავდება და განხორციელდება მასშტაბური პროექტები, რაც სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფრო დიდი ნაწილისთვის, - აცხადებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

თანასწორი მოპყრობა

კავშირი „საფარი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ასოცირების 2014-16 წლების დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ოჯახში ძალადობის აღკვეთასა და მსხვერპლისთვის საკონსულტაციო მომსახურების მისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს, დამაკმაყოფილებლად შესრულდა.

„ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ის არის, რომ 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა სრულად არ ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას. სადღეისოდ საქართველოს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებისა და მამაკაცებისადმი თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნავენ ავტორები.

ბავშვთა უფლებები

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს და ეს საკითხი მთავრობის სათანადო ყურადღებას ვერ იპყრობს, ამასთან, ბავშვთა უფლებების დაცვისთვის მთავარ დაბრკოლებას პოლიტიკური ნების არარსებობა წარმოადგენს.

„ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არ არის განხილული პრიორიტეტულ თემებად, შესაბამისად, მათზე არასაკმარისი რესურსია გამოყოფილი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აანალიზებს ბავშვთა დაცვის უგულებელყოფის საზიანო შედეგებს თითოეული ბავშვისა და ქვეყნის განვითარებისთვის“, - აცხადებენ ავტორები.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^