Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატრიარქი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს ზეიმია ქართველი ხალხისთვის, მათ შორის ეკლესიისთვის

19 დეკემბერი, 2015 22:44

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ილია მეორემ, ეკლესიის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში და აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითმა დასკვნამ საშუალება მისცა საქართველოს, გადადგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ.

„მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები…მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არამხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოს სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი კი უნდა იყოს შენარჩუნებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამ იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში", - განაცხადა პატრიარქმა.

პრემიერ-მინისტრმა კი ევროავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება გაიხსენა.

„კარგად მახსოვს, გასულ წელს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება და აღიარება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაუროს და ბევრი კარგი საქმე აკეთოს. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას, რომ ჩვენ ჩვენივე მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს,"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მანვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დადებითი შედეგის მიღწევაში მონაწილეობა მიიღეს. 

იანოშ ჰერმანის თქმით, ამჟამად საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ჩვენ ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში. ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა, როგორც ამ პროცესში, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. თქვენო უწმინდესობავ, ამ ჭრილში, მინდა მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ასევე ყოველთვის ვგრძნობდი გამორჩეულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან მას უზარმაზარი იმედი მოაქვს. ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიღწევები, უმნიშვნელოვანესია,“– განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს წმინდა ნინოს ჯვარი უსახსოვრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აპრილი
18 აპრილი

გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბ ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესა ...
18 აპრილი
18 აპრილი

აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის ...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძ ...
18 აპრილი
18 აპრილი

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თავშეს ...

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთის მოქალაქეებიის,  მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებს შსს-ს  მიგრაცი ...
^