Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი კანონპროექტი სკოლამდელი აღზრდის სფეროში

22 დეკემბერი, 2015 19:14

21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის" პრეზენტაცია გამართა. კანონის პროექტი კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტი საქართველოში ყველა ბავშვისათვის მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, გამჭვირვალე, ინკლუზიური, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ  დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი  აღზრდის სფეროს. არსებობს მხოლოდ ჩანაწერი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში (მე-16 მუხლი), რომლის თანახმად, “მუნიციპალიტეტის  მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა” მუნიციპალიტეტის ფუნქციაა.

კანონპროექტში თავმოყრილია ყველა ძირითადი სტანდარტი, რომლითაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფერო უნდა დარეგულირდეს.

კანონპროექტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდისთვის გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სასწავლო სისტემა,-  ადრეული აღზრდა და განათლება 2 წლამდე ბავშვებისათვის და სკოლამდელი განათლება- 2 წლიდან სკოლაში შესვლამდე.

კანონპროექტის თანახმად, რეგულირდება დაწესებულების დაფუძნებისა და ავტორიზაციის წესები.  ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა დაწესებულებისათვის, ავტორიზაციის ვადა 4 წელია.

იმისათვის, რომ დაწესებულებამ ავტორიზაცია გაიაროს,  უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რაც გულისხმობს განათლების, კვების, ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, აღჭურვილობის მაღალი სტანდარტების დაცვას.

კანონპროექტში გაწერილია დაწესებულებების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მშობლებთან მიმართებით. დაწესებულებები უზრუნველყოფენ ადრეული და სკოლამდელი  აღზრდისა და განათლების  საყოველთაო ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ბავშვისთვის, მიუხედავად მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლისა.

კანონპროექტით დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა. დაწესებულება  ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის პრევენცია, მათ შორის, მშობელთა განათლება და ინფორმირება. ასევე ძალადობის იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირება, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.

სკოლამდელ განათლებაში მშობელთა სრული ჩართულობის უზრუნველსაყოფად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში იქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას. საკონსულტაციო საბჭოები 7 წევრისგან შედგება- 5 მშობელი და დაწესებულების 2 აღმზრდელი-პედაგოგი.

საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებებს შორის არის - დაწესებულების საქმიანობაში პრობლემების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა როგორც სკოლისთვის, ასევე, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურისთვის.

კანონპროექტით გაწერილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობა. კანონპროექტის თანახმად, ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით უნდა დანაწილდეს - 2-დან 3   წლამდე - სკოლამდელი განათლების პირველი წელი;  3-დან  4  წლამდე - სკოლამდელი განათლების მე-2  წელი; 4–დან  5  წლამდე - სკოლამდელი განათლების მე-3 წელი; მე-4 წელს კი 5 წლიდან სკოლის დაწყებით საფეხურზე შესვლამდე სასკოლო მზაობის პროგრამა განხორციელდება.

ასევე, განსაზღვრულია ჯგუფების მოცულობა და აღმზრდელ-პედაგოგების ბავშვებთან თანაფარდობა. კანონპროექტის თანახმად, 2 –დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;  3 –დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში - არაუმეტეს 30 ბავშვისა;   4 –დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში - არაუმეტეს 30 ბავშვისა; სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში კი - არაუმეტეს 30 ბავშვისა.  

რაც შეეხება აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობას,-  2 დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:13; 3 დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში  1: 15;  4–დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში 1: 15;  ხოლო სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში 1:15.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მცირე ჯგუფების არსებობა აღმზრდელს ბავშვებზე ინდივიდუალურად ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. ასე ნაკლები დრო იხარჯება ორგანიზაციულ საკითხებზე, მეტი ყურადღება კი ბავშვის სწავლასა და განვითარებაზე მახვილდება.

კანონპროექტით ასევე გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონპროექტის თანახმად, შეიმუშავებს  ადრეული  და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებს; ასევე, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს.

გარდა ამისა, სამინისტრო მოამზადებს საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით;  განახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დადგენის მიზნით;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით კი შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს  დაწესებულებაში სურსათის უვნებლობის წესების დადგენის მიზნით; გარდა ამისა,  მონაწილეობას მიიღებს ძალადობისგან ბავშვების დაცვის (რეფერირების) პროცესში.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტების კომპეტენციაში შედის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა. განახორციელებს მუნიციპალურ კონტროლს, სკოლამდელ დაწესებულებათა მონიტორინგს. ასევე მის კომპეტენციაში შედის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საქართველოში, საშა გრაუმანის თქმით, სკოლამდელი განათლება ბავშვის აკადემიური და სოციალური განვითარების ფუნდამენტია. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვი, რომელიც სკოლამდელ განათლებას იღებს მომავალში უკეთ სწავლობს და მის მიერ სკოლის დატოვების ნაკლები შანსი არსებობს.

მისი თქმით, სკოლამდელ განათლებაში ინვესტირება ეს არამხოლოდ ბავშვის განვითარებისთვის ჩადებული ინვესტიცია, არამედ საზოგადოების განვითარებისთვის გაღებული ხარჯია. მისი თქმით,  საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველი ერთი დოლარის ინვესტიცია ადრეულ და სკოლამდელ განვითარებასა და განათლებაში, სახელმწიფოს 7 დოლარის ოდენობის მოგებად უბრუნდება.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სკოლამდელ განათლებაში ბავშვთა ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, 3-5 წლამდე ბავშვების 58% სკოლამდელ განათლებაშია ჩართული.  თუმცა, ეს ციფრი გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი",- ამბობს საშა გრაუმანი.

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი წლიდან დაიწყებს. ასევე  იგეგმება რეგიონებში ვიზიტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის კანონპროექტის გაცნობა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^