უნდა წავიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დანიშვნების ის წესი, რომლითაც საბჭო მოსამართლეებს ნიშნავს.
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, უჭირს კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ვერანაირ განვითარებას ვერ ხედავს არსებული თავმჯდომარისა და საბჭოს პირობებში. მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ საჩივარი მოამზადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს უკავშირდება გარკვეულ შეურაცხყოფას, როგორც მისი, ასევე, სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში, რომელზეც „რეაგირებას არ ახდენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე".
ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ საჩივრის მოსამზადებლად მან დაახლოებით სამი თვის წინ გამოითხოვა საბჭოს ჩანაწერები, რაც დღემდე არ მიუღია.
„ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის პირობებში. საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, იგი არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან და მის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს. „არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნამ არაერთი პრობლემა წარმოშვა და თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, სასამართლოში ხელოვნური კრიზისია შექმნილი.
როგორც ის აცხადებს, იმ პირობებში, როდესაც საქმეების რაოდენობა გაორმაგდა და გართულდა, სასამართლოს 24 მოსამართლე დააკლდა.
„ნაწილს უფლებამოსილების ვადა შეუჩერდა, ნაწილი გადაიყვანეს. ვითხოვდი 20-25 მოსამართლის დამატებას, თუმცა მიუხედავად არჩევნებისა, აგვისტოს შემდეგ, რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - აგვისტოში იყო 99 მოსამართლე, ახლა 85 მოსამართლეა. ეს იმ პირობებში, როდესაც გაორმაგდა საქმეთა რაოდენობა. ვფიქრობ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი", - განაცხადა ახვლედიანმა.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, კრიზისია სხვა რესურსების, მათ შორის მანდატურებისა და კანცელარიის თანამშრომლების მხრივაც, თუმცა შტატის გაზრდის საშუალებას არ აძლევენ.
„ასევე, ნაფიცი მსაჯულების მოწვევის პროცესში 3 ავტომობილის დამატება ვითხოვეთ, რადგან კვირაში 300 ანკეტა იყო დასარიგებელი და შემდეგ უკან წამოსაღები, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის მიზნით საქალაქო სასამართლოს 3 ავტომანქანა, პირიქით, ჩამოართვეს. ეს ყველაფერი უკვე მაეჭვებს. კვების აპარატებიც კი აიღეს, რათა უკმაყოფილება მეტი იყოს საქალაქო სასამართლოს მიმართ. საბჭოს მხრიდან, საქალაქოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. არანაირი თანადგომა არ ყოფილა", - განაცხადა ახვლედიანმა.