20 იანვრიდან 20 მაისამე ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ჭიათურაში დროებით წყდება მანგანუმის მოპოვების პროცესი. ამის მიზეზად კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას საერთაშორისო ბაზარზე მანგანუმის ფასის შემცირებას ასახელებს.
მისივე ინფორმაციით, მუშებს ამ ოთხი თვის განმავლობაში ახლანდელი ხელფასის 60%-ს გადაუხდიან. თანამშრომლები ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევის პაკეტით. იმ მუშებს კი, რომლებსაც სესხი აქვთ გამოტანილი, კომპანია საპროცენტო გადაკვეთს დაუფარავს.
როგორც კომპანიაში „ლიბერალს“ განუცხადეს, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვადასხვა ქვეყანაში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.
„როგორც ცნობილია, მანგანუმის შენადნობები: ფერომანგანუმი, ფეროსილიკომანგანუმი და სილიკომანგანუმი ფოლადის გადამუშავებასა და წარმოებაში აუცილებელი კომპონენტია. მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისულმა ვითარებამ მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი გამოიწვია", - ამბობენ „ჯორჯიან მანგანეზში".
როგორც „ლიბერალს“ ზაქარია ზალიკაშვილმა განუმარტა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კომპანიას მადნის ოთხი თვის მარაგი აქვს, ამიტომ საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ხანგრძლივობაც ამის მიხედვით განისაზღვრა. ზესტაფონში შეკვეთებისთვის განსაზღვრული მადნის ამოწურვისთანავე კომპანია ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებას განაახლებს.
ჭიათურელმა მაღაროელმა, ბესო ღოღონიძემ გვითხრა, რომ კომპანიამ პერიოდულად უკვე დაიწყო მუშებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზეც „ჯორჯიან მანგანეზი” ოთხი თვის განმავლობაში მათ ხელფასის 60%-ს გადაუხდის.