Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროგრამა სკოლაში ბულინგის პრევენციისთვის

22 იანვარი, 2016 17:18

"არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი" სკოლებში ბულინგის პრევენციის პროგრამას იწყებს. ბულინგის დაძლევაზე ორიენტირებული ერთწლიანი სასკოლო პროგრამა საპილოტეა და  თბილისის ორ კერძო სკოლაში - "მწვანე სკოლასა" და "ქორალში" განხორციელდება. პროგრამა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დახმარებით განხორციელდება.

პროგრამის მიზანი  ბულინგის პრევენციაა, რაც  სკოლაში თანატოლებს შორის ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის შემცირებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს. 

"არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, ანა სუბელიანმა პროგრამის პრეზენტაციისას განმარტა, რომ პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სკოლის შიდა კულტურას - ურთიერთობებს მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. გარდა ამისა, პროგრამის ეს ეტაპი მოიცავს იმ დოკუმენტების (მაგალითად, მასწავლებლისა და მოსწავლის ქცევის შინაგანაწესის) შესწავლას, რომლითაც კონკრეტულ სკოლაში ურთიერთობები რეგულირდება.  ასევე, შეისწავლიან იმ ჩანაწერებს (თუკი ასეთები არსებობს), სადაც აღრიცხულია მოსწავლეთა ქცევის დარღვევის შემთხვევები, მათი მოგვარების გზები. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ჩატარდება სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები.  

ყოველივეს გათვალისწინებით ბულინგის დაძლევის მექანიზმი - სატრენინგო მასალა და მეთოდოლოგია  შემუშავდება. მისი თქმით, პროგრამის განხორციელებისას მრავალ ქვეყანაში უკვე გამოცდილ მეთოდებს გამოიყენებენ, რომლებიც ადგილობრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროგრამის ბოლო ეტაპზე კი სკოლის თემის წარმომადგენლებს - სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს - ჩაუტარდებათ ტრენინგები.

"პროგრამით მუშაობა VII-IX მოსწავლეებთანაა გათვალისწინებული, სადაც ყველაზე აქტუალურია ბულინგის პრობლემა. ასევე,   I კლასის მოსწავლეებთან, რომლებიც ახლა იწყებენ სასკოლო ცხოვრებას და სწავლობენ გარკვეულ სოციალურ ნორმებს. მათთან, ბუნებრივია, სიტყვა „ბულინგს“ არც კი ვახსენებთ, მაგრამ ვეცდებით თამაშ-თამაშით მივახვედროთ, როგორ უნდა მიაღწიონ მიზნებს ისე, რომ სხვას ზიანი არ მიაყენონ", - ამბობს ანა სუბელიანი.

მისი თქმით, დიდი ყურადღება მიექცევა  იმ ადამიანებს, რომლებიც მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში აკვირდებიან. მაგალითად, უსაფრთხოების ან კაფეტერიის თანამშრომლებს, რომელთა თვალწინაც ყველაზე ხშირად შეიძლება ხდებოდეს ბულინგის შემთხვევები. ასე რომ, ისინი პროგრამის ფარგლებში შეასწავლიან ერთი მხრივ, ბულინგის იდენტიფიცირებას, თუ როგორ გაარჩიონ უბრალო ბავშვური ხუმრობა სერიოზული პრობლემური შემთხვევებისგან, მეორე მხრივ, საჭირო ინფორმაციას მიიღებენ იმის თაობაზე, ვის ან როგორ მიმართონ  ბულინგის იდენტიფიცირების შემთხვევაში.

სუბელიანის თქმით, კვლევის შედეგებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია ხელმისაწვდომი გახდება როგორც კერძო სკოლების, ისე განათლების სამინისტროსთვის, რაც, მისი განმარტებით, მზა რესურსი იქნება პროგრამის საჯარო სკოლებში დასანერგად.

სუბელიანის თქმით, 2015 წელს ინსტიტუტმა "იდენტობასთან" ერთად საჯარო სკოლებში ბულინგის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი სკოლაში სხვადასხვა მიზეზით ჩაგვრას განიცდის. მოზარდები ხშირად ხდებიან მსხვერპლი რელიგიური, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული იმიჯისა და შეხედულებების გამო. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ უმეტესად მე-7-9 კლასებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ბულინგის მონაწილეა. მოსწავლეები გვევლინებიან, ერთი მხრივ, როგორც ბულინგის გამტარის, მეორე მხრივ როგორც მსხვერპლის ან ბულინგის შემყურის როლში.

სუბელიანის თქმით, მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, განათლების სამინისტრო დღემდე არ აღიარებს პრობლემას და არ ხდება ბულინგის პრევენციის სტრატეგიისა და მექანიზმის შემუშავება. განათლების შესახებ კანონი, ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო მითითებები კი არ უზრუნველყოფენ სკოლებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას.

ანა სუბელიანი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია 2014 წლიდან მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე. მისი თქმით, მიუხედავად განათლების სამინისტროსთან შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებებისა, სამინისტროს მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, ორგანიზაციას არ მიეცა საჯარო სკოლებში პროგრამის პილოტირების შესაძლებლობა.

"ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სულაც არ არის სამინისტროს ნებართვა აუცილებელი, რომ სკოლამ გადაწყვიტოს ამ ტიპის პროგრამის განხორციელება. თუმცა რეალობა სხვაგვარია - სკოლები ძალიან არიან დამოკიდებული განათლების სამინისტროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. როცა სკოლებს კვლევისთვის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფების ჩასატარებლად კომუნიკაციაში დახმარება ვთხოვეთ, განათლების სამინისტროსგან მათ საყვედური მიიღეს. ასე რომ, ასეთი დიდი პროექტის დაწყებას მხოლოდ სკოლებთან კომუნიკაციით ვერ მივაღწევდით, სწორედ ამიტომ გვჭირდებოდა სამინისტროს თანხმობა, რასაც შვიდი თვის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ", - ამბობს ანა სუბელიანი.

პრეზენტაციას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე, რომელმაც განმარტა, რომ სამინისტროს კარგად აქვს გაცნობიერებული აღნიშნული პრობლემის არსი. ამ კუთხით სამინისტრო სხვადასხვა ტიპის პროგრამებსაც ახორციელებს, მაგალითად მშობლების განათლებისა და ჩართულობის პროგრამას. შარაშენიძემ სამინისტროს სახელით პროგრამის განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^