Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიების უფლება მიიღო

27 იანვარი, 2016 19:22

დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ პროკურორ ფატუ ბენსუდას მისცა უფლება, ICC-ის იურისდიქციის ფარგლებში დაიწყოს გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარედ სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულზე.

წინასასამართლო პალატის 3 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას წარმოადგენენ მოსამართლეები ჯოის ალუოჩი, კუნო ტარფუსერი და პიტერ კოვაჩი.

„ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, ამიტომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნების იქნება ესა თუ ის პირი", - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 16 ოქტომბერს თბილისში ვიზიტისას განუცხადა.

ოქტომბერში ჰააგის პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც.

„ფატუ ბენსუდას ვაცნობე, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. რუსეთის, რომელიც თავს დაგვესხა. შევახსენე, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა, ოკუპაცია მიმდინარეობს და რომ დიახ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ, თუმცა ამაზე ვიმუშავებთ და სამართლებრივად ვიბრძოლებთ", - განაცხადა მაშინ წულუკიანმა. 

მინისტრის თქმით, პროკურორის მოთხოვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, თუმცა ფატუ ბენსუდას ქართულმა მხარემ შეხვედრაზე უთხრა, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება. 

„რუსეთის როლთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რაც მის ხელთ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება, გაითვალისწინოს, განიხილოს ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია - როგორ მართავდა რუსეთი ოსურ დანაყოფებს და შენაერთებს, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება, ეს იყო პირველ რიგში, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის აგრესია ჩვენს მიმართ“, - განაცხადა წულუკიანმა. 

როგორც თეა წულუკიანმა ოქტომბერში განაცხადა, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას ქართული მხარე ჰააგის სასამართლოში წარადგენს შესაგებელს იმის შესახებ, რომ პრიორიტეტული იყოს გამოძიების სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ქართველი სამხედროების წამება.

„2008 წლის აგვისტოდან საქართველომ დაკითხა 6 ათასი მოწმე და ჩავატარეთ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების განმავლობაში 1000 მოწმეა დაკითხული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება საქართველოს პროკურატურის ისტორიაში დავაპირებთ, ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს, რათა მას არ მოუწიოს ხელმეორედ ჩაატაროს ის ქმედებები, რაც უკვე ჩატარდა. ჩვენი მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველაფერში შევუწყობთ მათ ხელს, რათა დამტკიცდეს, რაც მოხდა – ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედროების წამება და სხვა ბევრი დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში ჩაიდინა" - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის გამოძიებაზე მოითხოვა ნებართვა მოსამართლისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისგან, რომ აწარმოოს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. როგორც თავად პროკურორი ამბობს, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ეთნიკური ქართველების რაოდენობა, ჩვენ შევძლებთ, ეს დავამტკიცოთ და ამაზე ვიმუშავებთ, რომ ქართველების ეთნოწმენდა მოხდა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა იმ ეთნიკურად ქართველ ადამიანზე, იქნება ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც აწამეს, ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესებს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ, მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა.

ჰააგის პროკურორი ქართველების მხრიდან ჩადენილ ომის შესაძლო დანაშაულებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^