Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები „მაესტროზე": პროცესი მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების ეჭვს ამძაფრებს

04 თებერვალი, 2016 13:42

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 2 თებერვალს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ტელეკომპანია „მაესტროს” მეწილეთა ცვლილება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილების საკონტროლო პაკეტის, 55% წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, „უცნობი" გახდა. გაჩეჩილაძემ ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრაელიძისგან და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15%-იანი წილი შეიძინა.

არხის მენეჯმენტისათვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო. მფლობელებს შორის არსებობდა ნოტარიული წესით დამოწმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გიორგი გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია “მაესტროს” თავისი 25%-იანი წილი დანარჩენი პარტნიორებისთვის სიმბოლურ თანხად, 400 ლარად უნდა გადაეცა არაუგვიანეს 2012 წლის 10 დეკემბრისა. ტელეკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, გაჩეჩილაძემ აღნიშნული შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა და საპირისპიროდ თავისი წილების გაზრდას შეეცადა. ამასთან, გაჩეჩილაძის განცხადებით, წილების გამოსყიდვისათვის საჭირო თანხა მას ირაკლი რუხაძემ ასესხა. რუხაძე თავის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესის, მათ შორის კონკურენტი ტელეკომპანიის, “იმედის” მმართველია.   

საკონტროლო პაკეტის ახალმა მფლობელმა, გია გაჩეჩილაძემ 2016 წლის 4 თებერვლისთვის მოიწვია პარტნიორების კრება და კრების დღისწესრიგში ერთადერთ საკითხად არხის მოქმედი დირექტორის, ეთერ (ბაია) გადაბაძის თანამდებობიდან მოხსნის და ახალი დირექტორის არჩევის საკითხი დააყენა. თუმცა, პარალელურად, საჯარო განცხადებებში გაჩეჩილაძე უარყოფს არხზე საკადრო ცვლილებების და მენეჯმენტის დათხოვის განზრახვას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 თებერვალს გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა გაჩეჩილაძის პრემიერმინისტრთან შეხვედრა უარყო. შედგა თუ არა შეხვედრა და იყო თუ არა ტელეკომპანია “მაესტროს” საკითხი ამ შეხვედრის საგანი, უცნობია.

ტელეკომპანია „მაესტროს” 25% -იანი წილის მფლობელი და მთავარი ინვესტორი, ასევე არხის ფაქტობრივი მმართველი მაკა ასათიანი ემიჯნება გია გაჩეჩილაძის განზრახვებს და დავის სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელებას გეგმავს. ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარ ცვილელებებს არხის მოქმედი მენეჯმენტი  პოლიტიკური მოტივებით ხსნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტელეკომპანია “მაესტროს” გაკოტრების საქმეს სასამართლო განიხილავს და არხის ჯამური დავალიანება კრედიტორების მიმართ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატება, მოქმედი მენეჯმენტის აზრით, გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიაში ფინანსური ინტერესი  არ უნდა ჰქონოდა. არხის მფლობელები დავობენ ასევე ტელეკომპანიის სახელისა და ლოგოს განკარგვის უფლებებზეც. ასევე იმ წინასწარი ხელშეკრულების შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძეს კუთვნილი 25% სხვა პარტნიორებისთვის უნდა დაეთმო.

მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ტელეკომპანია „მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე დავების და სასამართლო საქმეების კერძო ხასიათისა,  საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რეიტინგით ქვეყნის მესამე ტელეკომპანიის მფლობელობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილები ბადებს საფუძვლიან ეჭვებს პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „მაესტროს” ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ. მსგავსი ქმედების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2015 წლის ზაფხულში დაწყებული ერთი შეხედვით კერძო ხასიათის დავა „რუსთავი 2”-ის წილების მფლობელობასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემოს უზრუნველყოფისთვის, ასევე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ნაჩქარევად არ მიიღონ არხის მენეჯმენტის და ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავების დასრულებამდე. აღნიშნული ქმედებით ისინი დაადასტურებენ, რომ მათი მიზანი არხის განვითარებაა და არა ტელევიზიისთვის პრობლემების შექმნა ან სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მართვაში განხორციელებული ან დაგეგმილი ცვილელებების შესახებ საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო სექტორის დროული ინფორმირება, რათა გამორიცხული იყოს რეიტინგულ მედია საშუალებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის ან მსგავსი სპეკულაციის ნებისმიერი მცდელობა და შესაძლებლობა. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისა  და ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
მედია კლუბი
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^