
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა facebook-ის გვერდზე შიზოფრენია დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია.
პარლამენტის დეპუტატის სტატუსი ციხისძირში ასწლოვანი ხეების მოჭრას ეხებოდა.
ირმა ნადირაშვილს კომენტარისთვის დავუკავშირდით, თუმცა მან „ლიბერალთან" აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ირმა ნადირაშვილის სტატუსი არ უნახავს და მასზე კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა უნდა ეცადოს, აკონტროლოს თავი. მისივე თქმით, საზოგადოებაში ტერმინები ისეა გამჯდარი, რომ ხშირ შემთხვევაში მათ სხვა დატვირთვით ვიყენებთ ხოლმე.
„კომუნისტები, რომლებიც „მართლმორწმუნე“ ათეისტები იყვნენ, ლაპარაკში შეიძლება გამოეყენებინათ „ღმერთმა არ ქნას“ და მსგავსი ფრაზები. ასე რომ, ამგვარი ფრაზები დისკურსში საკმაოდ გამჯდარია... ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოების აქტიურობა, ერთმანეთის კონტროლი, მედიის დაკვირვება - ყოველ ასეთ შემთხვევაში დაგვიფიქსიროთ მსგავსი შემთხვევები. ჩვენ არ ვართ ხოლმე დაზღვეულები ამისგან, ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, უნდა მივიღოთ შენიშვნები და უნდა ვაკონტროლოთ თავი“, - ამბობს რატიანი.
მიმდინარე კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ინიციატივას, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ სამედიცინო ტერმინოლოგიის ოპონენტების დასამცირებლად გამოყენებაზე და ხელს აწერენ მემორანდუმს.
აღნიშნულ დოკუმენტს სერგო რატიანმა მოაწერა ხელი.