იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საპარლამენტო მდივანმა განაცხადეს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ამბობს,რომ საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა იუსტიციის საბჭოს სასწრაფო და ძირეული რეფორმების საჭიროების შესახებ.
„ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს. მათ მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის კრიტერიუმები დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს ვეღარ დააღვევენ. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება. არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი, რომ ყველა მათგანი რომც ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“, - აღნიშნა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.
„ამასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო პერიოდში, თუ მის გადაწყვეტილებებს დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასა თუ სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისი განცხადებით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყებისა და გატარების აუცილებლობა, შესაბამისად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს.