Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► „თათრები ხართო, წადით თქვენს ქვეყანაშიო" - რას ედავებიან მუსლიმებს ადიგენში

02 მარტი, 2016 10:54

უკვე ორი დღეა, სოფელ ადიგენის მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გასაკეთებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხზე მსჯელობს. 29 თებერვალს დაწყებული დიალოგი დაპირისპირებით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მუსლიმები „ლიბერალთან" საუბარში ჰყვებიან, შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, როდესაც 10-მდე ქრისტიანი ორი მანქანით მივიდა და მუსლიმებს თავს დაესხა.

1 მარტს, ადიგენში, ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთისგან ასიოდე მეტრის დაშორებით, ადგილობრივი  მცხოვრებლების სახლებთან შეიკრიბა, მათ შორის კი პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძეც, რომლის თქმითაც, ორ თემს შორის შეთანხმება მიღწეულია და მუსლიმები მიცვალებულის დასაკრძალად მიწის ნაკვეთს მიიღებენ. მისივე განმარტებით, დაპირისპირების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მომხდარს არა კონფლიქტს, არამედ „ჩოჩქოლს“ უწოდებს.

„ფაქტობრივად,  შეთანხმებული იყო გუშინ, წვრილმან დეტალებზე იყო საუბარი, უნდა გავლებულიყო თუ არა გამყოფი ღობე. ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილი იქნება“, - თქვა ენდელაძემ.

ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებდა და აღნიშნავდა, რომ სოფელში მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფას არ დაუშვებდა. მათი თქმით, საქართველო „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა“ და დღეს თუ ცალკე სასაფლაოსთვის მისცემენ მიწას მუსლიმებს, „ხვალ მეჩეთის აშენებასაც მოითხოვენ“.

ადიგენის მცხოვრები, ქრისტიანული თემის წარმომადგენელი შოთა ქომეთიანი ამბობს, რომ წინააღმდეგი არ არის, მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გადაეცეთ.

„მოსახლეობა არ ვართ წინააღმდეგი, რომ ჰქონდეთ მიწის ნაკვეთი. მიცვალებული მიწას უნდა მიებაროს. არ აქვს მნიშვნელობა, შუაში გაყოფილი იქნება თუ არა. არ უნდა ღობით გაყოფა. თუ გინდა გაყავი, რა მნიშვნელობა აქვს. დაიწყოს ერთი კუთხიდან ერთმა, მეორე კუთხიდან მეორემ, მერე შევერთდებით თუ შევერთდებით. არ იყო ეს იმხელა პრობლემა, მთელ მსოფლიოს გაეგო, ჩვენ თვითონ მოვაგვარებდით. სასაფლაო ერთად უნდა იყოს. ერთ სოფელში ვართ, სასაფლაოც ერთი უნდა გვქონდეს“, - ამბობს ქომეთიანი.

მუსლიმი თემის წარმომადგენლების თქმით, მუსლიმური სასაფლაოსთვის ცალკე მიწის გამოყოფა იმიტომ უნდათ, რომ ქრისტიანულ სასაფლაოზე მუსლიმის დაკრძალვა რელიგიური წესის დარღვევაა. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო მიცვალებულის დაკრძალვა მეზობელ სოფელში უწევდათ.

მუსლიმები ჰყვებიან, რომ დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. აქედან ორს დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული, მესამე კი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადიგენის მცხოვრები რატი ქამადაძე 29 თებერვლის საღამოს იხსენებს, როდესაც ქრისტიანები და მუსლიმები მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ.

„საღამოს გამგებელმა დაგვიბარა, კრება გვაქვსო. შევხვდით და შევთანხმდით, რომ ღობეს გავაკეთებდით. ამასობაში მოვიდნენ მანქანებით და იერიშზე გადმოვიდნენ. ორი მანქანით მოვიდნენ, ათ კაცამდე იქნებოდნენ. ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თათრები ხართო, წადით თქვენს ქვეყანაშიო, თუ თქვენი სასაფლაო გინდათო. ჩვენ ქართველი მუსლიმები ვართ“, - ამბობს ქამადაძე.

ზვიად გვანაძე სოფელ მოხეში ცხოვრობს. ოციოდე თანასოფლელთან ერთად იგი სოფელ ადიგენში ჩამოვიდა. მისი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მსგავსი დაპირისპირება უკვე მესამედ ხდება, რაც ხელისუფლების ჩარევით უნდა მოგვარდეს.

„ეს საკითხი გამგებელმა და მთავრობამ უნდა მოაგვაროს. პოლიციაც და გამგებელიც უყურებდა ამ ყველაფერს. ადგილზე არავინ აუყვანიათ. პროვოკატორების ჯგუფია, რომელიც  გამგეობის დავალებით მოქმედებს. ადგილობრივი მთავრობა სამღვდელოებაზე დამოკიდებული ხალხია“, - ამბობს გვანაძე.

მოგვიანებით, ადიგენის გამგებელს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ესაუბრა. მისი თქმით, ენდელაძემ უთხრა, რომ მიწის საკითხი დადებითად გადაწყდა, რის შემდეგაც, ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად, შეკრებილ მუსლიმებს დაშლისკენ მოუწოდა.

„გამგებელმა გვითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მუსლიმებს გადაეცემათ სასაფლაო. ახლა მშვიდობიანად ოჯახებში დავბრუნდებით. ქრისტიან მოსახლეობასთან მე არ მისაუბრია, მათ წინამძღვარს უნდა ვესაუბრო. გამგებელმა თქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და სასაფლაოსთვის მიწა გადმოგვეცემა" - თქვა ვაშაყმაძემ.

მოგვიანებით, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ჭულევის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ანთიმოზს შეხვდა.

ჭულევის ტაძრის წინამძღვრის, ანთიმოზის განცხადებით, ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რაზე შეთანხმდებიან რელიგიური ლიდერები.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„ჩემი მოწოდებაა, ისე მივყვეთ საკითხს, როგორც დედაეკლესია მოგვიწოდებს. საკითხს ისე უნდა გავყვეთ, როგორც ადამიანური და ქართული ღირსება მოითხოვს", - ამბობს ანთიმოზი.

ადიგენში განვითარებულ მოვლენებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აკვირდებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაზე სამღვდელოების გავლენა ძლიერია.

„ადიგენის მუნიციპალიტეტს, ალბათ, თავისი სპეციფიკურობა აქვს. ადგილობრივ ხელისუფლებაზე ადგილობრივი სამღვდელოების გავლენა ძალიან მაღალია და მუსლიმი თემი აწყდება მთელი რიგი სისტემური დისკრიმინაციის შემთხვევებს ეს იქნება დასაქმების კუთხით, თუ რელიგიის თავისუფლების სარგებლობის კუთხით. თუ რეალურად სახელმწიფომ არ გაიაზრა ეს პრობლემები და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მივიღებთ მსგავსი ტიპის რელიგიურ აფეთქებებს სხვა რეგიონებში“ - ამბობს მიქელაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა, კომისიაზე მუსლიმური თემის მხრიდან შეტანილი 14 საკითხიდან 12 დაკმაყოფილდა.

მათი თქმით, მუსლიმ თემს 11 მეჩეთის გადაცემის და, ასევე, ადიგენში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა.

ადიგენში მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით" ითვალისწინებს. 

1 მარტს ადიგენის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი დაშავებული, დათო შავაძე დაიბარეს, რომლის ინტერესებსაც TDI-ის იურისტი შოთა თუთბერიძე იცავს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამარ იაკობიძის განმარტებით, განყოფილებაში მოწმის სტატუსით დაკითხეს 5 პირი, რომლებიც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^