„აპლიკაცია სრულად ადაპტირებული იქნება უსინათლოებზე და მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ ჩართვა, წიგნის არჩევა, იმ წიგნში კოკრეტული მოთხრობის ან სათაურის არჩევა და ა.შ.“, - დღეს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და „საბას“ ერთობლივი პროექტის „ხმოვანი წიგნების“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ხმოვან წიგნებს“, პროექტის ავტორების თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების სრული მხარდაჭერა ექნება და დაემატება საბას აპლიკაცია Saba Reader-ს.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ მათ „საბას“ მხარდაჭერა გადაწყვიტეს, რათა უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური საშუალება რომ კომფორტულად მოუსმინონ წიგნებს და გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას.
„ეს არის ელექტრონული წიგნების არაჩვეულებრივ პლატფორმა, რომელიც 3000-მდე წიგნს აერთიანებს და ჩვენ შევძლებთ ერთად ჩავწეროთ 400-მდე წიგნი მცირედმხედველი და მხედველობა დაკარგული ადამიანებისთვის“, - ამბობს კვინიკაძე.
„საბას“ დირექტორის მაია ძირკველიშვილის თქმით, პროექტის შედეგად, უკვე სექტემბრიდან მზად იქნება პირველი ეტაპის 400-მდე ხმოვანი წიგნი.
„შემდეგ, ეტაპობრივად გამდიდრდება ჩვენი ხმოვანი წიგნების კატალოგი. ამ წიგნებს ექნება ყველა ის ფუნქცია, რაც თანამედროვე სტანდარტებით ხმოვან წიგნებს მოეთხოვება. ხმოვანი წიგნები „საბას“ იმავე აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ელექტრონული წიგნები. შესაძლებლობა გექნებათ დააპაუზოთ, გადაახვიოთ. წიგნებს ექნება აუდიო სარჩევი, ჩანიშვნა, ტემპის აჩქარება, შენელება. რაც მთავარია, ინტერნეტი არ იქნება ამისთვის საჭირო და ნებისმიერ მოწყობილობაში შეძლებთ მათ მოსმენას. რადგანაც პირველ რიგში ეს არის სოციალური პროექტი და საჩუქარი უსინათლო ადამიანებისათვის, ჩვენ სპეციალურად ვმუშაობთ იმ პროგრამაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს აპლიკაცია იყოს ადაპტირებული უსინათლოებზე და მათ დამოუკიდებლად სპეციალური ხმოვანი პროგრამის მეშვეობით შეძლონ აპლიკაციის დამოუკიდებლად ჩართვა, წიგნის არჩევა, იმ წიგნში კოკრეტული მოთხრობის ან სათაურის არჩევა და ა.შ.“, - ამბობს მაია ძირკველიშვილი.
პრეზენტაციაზე სახელდახელოდ მოწყობილ სტუდიაში პირველი ხმოვანი წიგნის ჩაწერაც დაიწყეს - ღონისძიების სტუმარმა პოეტებმა ადგილზე წაიკითხეს საკუთარი ლექსები.