Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია არჩევნების საკითხზე პრეზიდენტისთვის დაბრუნებულ მოტივირებულ შენიშვნებში

27 აპრილი, 2016 16:29

არჩევნების დანიშვნის საკითხზე საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები „ლიბერალმა" გამოითხოვა, რომელშიც პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარის თქმის მიზეზებია მოცემული. 

მთავრობის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტის განკარგულება გამოიცემა აპრილში, ხოლო ძალაში შევა 8 აგვისტოს, საპარლამენტი პარტიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ცესკოში დარეგისტრირდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ხოლო არასაპარლამენტო სუბიექტებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისთანავე; ამასთანავე, არასაპარლამნეტო პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ საარჩევნო დაფინანსება მოიზიდონ 4 თვით ადრე, ხოლო საპარლამენტო პარტიებს იმავეს გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ მიეცემათ. შენიშვნებში ახსნილია, რომ ეს ორი გარემოება დისკრიმინაციული ხასიათისაა და არათანაბარ პირობებში ჩააყენებს პოლიტიკურ პარტიებს. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საინფორმაციო ნორმები ამოქმედდება პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისთანავე, რაც მიძმე ტვირთად დააწვებათ შესაბამის მაუწყებლებს.

მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვილ მოტივირებულ შენიშვნებს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილს N06/04/01 განკარგულება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილის N06/04/04 განკარგულება მოტივირებული შენიშვნებით უნდა გადაეცეს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების ჩატარების თარიღად განისზღვრა 2016 წლის 8 ოქტომბერი. თუმცა სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღია 2016 წლის 8 აგვისტო.

საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების ამოქმედება უკავშირდება, როგორც არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრას, ასევე არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 6 აპრილს N06/04/01 და 2016 წლის 6 აპრილის N06/04/04 განკარგულებების კონტრასიგნაციის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მათი გამოქვეყნება მოხდება 2016 წლის აპრილის თვეში და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, რაც აქტის გამოქვეყნებას უკავშირდება, მიუხედავად პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული დათქმისა, ამოქმედდება მიმდინარე თვიდან, რაც მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემდეგი გარემოებების გამო:

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში (საპარლამენტი პარტია) ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართავს არჩევნების დანიშვნის შემდგომ. შესაბამისად, საპარლამენტო პარტიებს რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მხოლოდ პრეზიდენტის აქტის ძალაში შესვლის შემდგომ - 8 აგვისტოს. გამომდინარე აქედან, ისინი 8 აგვისტომდე ვერ დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან - აპრილის თვიდან იქნება შესაძლებელი სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის.

აგრეთვე, არასაპარლამენტო პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დაფინანსების მიზნით, შექმნან საარჩევნო ფონდები, რისი საშუალება საპარლამენტო პარტიებს ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ.

შესაბამისად, არასაპარლამენტო პარტიებს, საპარლამენტო პარტიებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი დრო (4 თვე) ეძლევათ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების უზრუნველსაყოფად და აგიტაციის წარმოებისთვის, რაც აშკარად დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვიანიდან არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.

არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იწყება წინასაარჩევნო კამპანია („საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც ასევე აამოქმედებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელ საინფორმაციო უზრუნველყოფის ნორმებს. შესაბამის მაუწყებლებს, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, გაუჩნდებათ ვალდებულება თავიანთ ეთერში უსასუყიდლოდ განათავსონ საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ.

ზემოაღნიშნულიდა გამომდინარე და არჩევნების ჩატარების თარიღის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები უნდა გამოიცეს ძალაში შესვლის თარიღზე მითითების გარეშე 2016 წლის ივნისის თვის დასაწყისში და მათი გამოქვეყნება და ძალაში შესვლა მოხდეს ერთდროულად - 2016 წლის 8 ივლისს (კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, კონტრასიგნაციის მიზნით წარმოდგენილ იქნეს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა).

აღნიშნული უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ყველა სუბიექტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენების თანაბარ შესაძლებლობას, თავიდან აგვაცილებს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების ამოქმედების ვადებთან დაკავშრებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს, როგორც უშუალოდ არჩევნების, ასევე წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში წარმართვას, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გარანტია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^