„მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ თემთან ერთად მუსლიმ თემს ჩაგრავს. რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა, მუსლიმთა უფლებების დასაცავად, იმ ძალებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში გააქტიურდნენ“ - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი შენიშვნები, ძირითადად, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისადმი“ იყო მიმართული.
მეტრეველის თქმით, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მუსლიმებს ჩაგრავს საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.
„დამერწმუნეთ, არც ერთი საერთაშორისო სოლიდური ინსტიტუტის გამოხმაურება არ იქნება იმაზე სწრაფი, ვიდრე ამას გამოეხმაურებიან ის რადიკალური ძალები, რომლებიც ჩვენთან არიან. ამიტომ, საქართველოში ნუ მოვიწვევთ ტერორისტებს და რადიკალებს. ვართ რეჟიმში, როცა მუსლიმი თემის წინაშე სახელმწიფოსგან მტრის ხატს ქმნიან და ამის ადვოკატირებას სამოქალაქო სექტორი აკეთებს“, - თქვა მეტრეველმა.
EMC-ის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, რელიგიის სააგენტო მოწყვლადია და ამიტომაც იწყებს საუბარს იმაზე, თუ როგორ ქმნის არასამთავრობო ორგანიზაცია მტრის ხატებს. მისი თქმით, ტერორისტების მოწვევის შესახებ სააგენტოს წარმომადგენლის შეფასება არასერიოზულია.
„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სააგენტო სერიოზულად არ ხედავს რეალობაში არსებულ პრობლემებს და რაღაც ილუზორულ პრობლემებს იმ ადამიანებში ეძებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ“, - თქვა მიქელაძემ.
მიქელაძემ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების პრობლემებსა და გამოძიების არაეფექტიან მექანიზმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში 7 რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა ქართველი მუსლიმების მიმართ და არც ერთი პირი არ დასჯილა. მისი თქმით, არც ერთ საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული.
„მოხეში ან ჭელაში მომხდარი ფაქტები არის არა მხოლოდ იმ დაზარალებული პირების, არამედ მთელი თემის ტრავმა, რაც მათში დეზინტეგრაციის, გაუცხოების პრობლემებს წარმოშობს. შეიძლება ითქვას, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული პოლიტიკური ქეისებია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხს არ შევხედოთ, როგორც ცალკეულ, ტიპურ 7 შემთხვევას. მისი თქმით, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ რიგ შემთხვევებში რელიგიურ პირებს მიანდო საკითხების მოგვარება. ნიგვზიან-წინწყაროში მაშინ პრობლემები მოგვარდა, მაგრამ მას შემდეგ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების გზითაც კი არ გვარდება პრობლემები და ბოლო დროის ყველა კონფლიქტი დაკონსერვებულია“, - თქვა მიქელაძემ.
მიქელაძის კრიტიკის მთავარი ადრესატი გახდა რელიგიის სააგენტო, რომელსაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა უნდა ჰქონდეს, თუმცა სააგენტომ რეალური შედეგი ვერ აჩვენა, რაც, მისი აზრით, პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, არჩილ მეტრეველის თქმით, სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალსაზრისი მუსლიმი თემის პრობლემებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ჩვენი სურვილი იქნებოდა, კრიტიკასთან ერთად რეკომენდაციებიც წარმოედგინათ. საბოლოოდ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის რელიგიური პოლიტიკის მარგინალიზების წინააღმდეგ მიმართული პროცესი. მინდა ვთქვა მუსლიმების დისკრიმინაციაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებენ, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ან შეუსაბამო კომპეტენციის არიან. არ არის საკმარისი კრიტიკისთვის, მხოლოდ ის, რაც სახელმძღვანელოებში გვაქვს ამოკითხული. აქ ფართომასტაბიანი ხედვაა საჭირო“ - თქვა მეტრეველმა.
მისი თქმით, ორი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა აიათოლა ჰამენეის წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მუსლიმი თემის მდგომარეობა ძალზედ დადებითად შეაფასა.
„თუ თამთა მიქელაძე უნდა აფასებდეს მუსლიმთა მდგომარეობას და არა მუსლიმი თემის ლიდერები, მაშინ, შევთანხმდეთ ამ კრიტერიუმზე და სხვანაირად ვიმუშავებთ“, - თქვა მეტრეველმა.
კომიტეტზე სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, გელა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია კრიტიკა, თითქოს სააგენტო რაღაც საკითხებზე საუბარს გაურბის. იგი, ასევე არ იზიარებს იმას, რომ 2014 წელს, სოფელ მოხეში, მუსლიმი თემის მიმართ ძალადობა განხორციელდა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იმ სიტუაციაში, რომელიც დახვდა რელიგიის სააგენტოს იქ ინციდენტის დროს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ერთადერთი საშუალება, რაც მაშინ შეიძლებოდა სახელმწიფოს გაეკეთებინა, იყო ის, რომ ერთ სოფელში ურთიერთდაპირისპირება გადაეყვანა ფორმატში, რომელშიც აღდგებოდა ნდობა და დაიწყებოდა საუბარი პრობლემის შინაარსსა და რეალურ გადაწყვეტაზე. სხვა ფორმატი, ანალოგიური სხვა რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლებოდა საკითხის მოგვარება, არ მოგვისმენია. ასეთი რეცეპტი არ არსებობს. ამიტომ, ხშირად მივმართავთ არასამთავრობოებს, მოგვეცით რეცეპტი, როგორ უნდა მოვიქცეთ“, - თქვა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, სააგენტომ ბევრი ქვეყნის მაგალითი შეისწავლა, თუ როგორ იქცევიან ანალოგიურ შემთხვევებში, თუმცა მათ რომელიმე ქვეყნის გამოცდილების კალკირება არ სურდათ.
„გვინდა, აქაც საქართველომ შეინარჩუნოს რელიგიური პოლიტიკური თანაცხოვრების ისტორიული შინაარსი. გვინდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილებები ზუსტად ასახავდეს იმ განწყობას, რაც ჩვენთანაა. ამიტომ რომელიმე გამოცდილების გადმოღება არ გვინდა და ვამზადებთ ასეთი გადაწყვეტილებების პროექტებსაც, თუმცა ჩვენი ინტერესის სფეროა ჩვენი მოქალაქეები, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა“ - თქვა კვარაცხელიამ.
იგი სოფელ ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მედიამ არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, თითქოს მუსლიმებს ქრისტიანმა თემმა „დაარტყა“. მისი თქმით, საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს მოხდა ძალადობა და გამოძიება არ არის დასრულებული.
„იქნებ მოვხსნათ ეს რელიგიური ნაწილი? აქ არ არის არავითარი რელიგიური პრობლემა დარჩენილი, რაც იყო გადაწყვეტილია. მეტსაც გეტყვით, ლოცვის უფლების ნაწილში არსად არ გვაქვს პრობლემა. პრაქტიკულად, ეს საკითხები გადაწყვეტილია. ნიგვზიანისა და წინწყაროს საკითხი მოგვარებულია, მაგრამ რატომღაც ამ სახელწოდებით, რომ - „რელიგიური პრობლემაა", შენარჩუნებულია თქვენს რიტორიკაში. უფრო მეტიც, მიგაჩნიათ, რომ არაფერი კეთდება“, - მიმართა კვარაცხელიამ თამთა მიქელაძეს.
მისი თქმით, ლოკალური პრობლემების შინაარსობრივი გაანალიზებისთვის სააგენტო მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ სასულიერო ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კვარაცხელიამ, ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც განხილვის სტადიაშია, ეხება სოფელ მოხეში სადავო ნაგებობას. მისი თქმით, სააგენტო პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციით და ორ თემს შორის ნდობის აღდგენით ცდილობს.
ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით არგუმენტების შესახებ მან განაცხადა, რომ ეჩვენება, თითქოს ვინმეს დასჯა პრიორიტეტია. იგი ამ მიდგომას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ დასჯა პრიორიტეტი არ უნდა იყოს.
თამთა მიქელაძის შეფასებით, მოხეს სადავო ნაგებობის ირგვლის შექმნილი კომისიის ფარგლებში დაპირისპირების დეესკალაციისადმი მიმართული მიდგომა მისაღებია, თუმცა არ არსებობს საკითხის მოგვარების კომპლექსური და თანმიმდევრული ხედვა.
„ნიგზიანში ყველა მუსლიმმა გვითხრა, რომ კიდევ ერთი საჯარო გამოხატვის შემთხვევაში, შეიძლება, ვითარება კიდევ აფეთქდეს. მოხის კომისიაში შეიყვანეს ის ადამიანები, რომელთაც თავად მუსლიმებიც კი არ ენდობიან. სახელმწიფოს უნდა დაედგინა ნაგებობის წარმომავლობა. მოხის პრობლემა არსებობს იმიტომ, რომ საქართველოს რესტიტუციის პოლიტიკა არ აქვს“, - თქვა მიქელაძემ.
პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, მაია კვირიკაშვილის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული სამი პირის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების საქმის გამოძიება მიმდინარე რეჟიმშია. შემთხვევა 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ქართველი და მუსლიმი თემი ერთმანეთს სადავო ნაგებობის გამო დაუპირისპირდა.
მისი თქმით, დაკავებული სამი პირიდან ექსპერტიზა მხოლოდ ერთს - თეიმურაზ მიქელაძეს ჩაუტარდა, სხვებმა კი ექსპერტიზაზე უარი თქვეს, რადგან დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
მისივე თქმით, არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„ფიზიკური ძალადობის ფაქტები არ დასტურდება ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, - თქვა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება ქობულეთსა და სამთაწყაროში მომხდარ ფაქტებზეც.
„გარკვეული მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები ორივე შეთხვევაში ჩატარდა. მაგალითად, ქობულეთის შემთხვევაში 100-მდე პირია დაკითხული. თუმცა, კონკრეტული პირის დადგენა, რომლის ქმედებაშიც შეიძლება გამოიკვეთოს ბრალი, როგორც მუქარის ან სხვა დანაშაულის ჩადენაში, არსებული მასალებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია”, - თქვა კვირიკაშვილმა.