
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოფექსის 173-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო. მას 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. როგორც ფერაძე აცხადებს, ის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პოლიციელებმა პროცესზე თქვეს, რომ ნატა ფერაძის დაკავების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პოლიციის კორდონთან მიიღეს, როდესაც ფერაძეს სთხოვდნენ, გასცლოდა პოლიციის კორდონს და ის არ დაემორჩილა. მათი თქმით, ფერაძე მათ დაუსხლტა და გაიქცა მანქანისკენ, მანქანაზე ასვლისას მათ მოუწოდეს ჩამოსულიყო, ამისთვის გონივრული ვადაც ჰქონდა, თუმცა მოთხოვნას არ დამორჩილდა და ამიტომ ძალით ჩამოიყვანეს.
ნატა ფერაძე პოლიციელთა განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისთვის არ მოუწოდებია პოლიციას, ჩამოსულიყო და ეგრევე ფეხებში ჩაავლეს ხელი, დაახეთქეს მანქანაზე და შეურაცხმყოფელი ფორმით ჩამოთრიეს. „შარვალი ჩამაძრეს ლამის" - თქვა ფერაძემ. სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პოლიციის მოწოდება, მანქანიდან ჩამოსულიყო, არ გაგვიგონიათ.
დაცვის მხარის შეკითხვაზე, თუ რატომ აღმართეს ადგილზე კორდონი, როგორც პოლიციელებმა თქვეს, მათ დემონსტრანტებისგან გაიგეს, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრება იყო.
ფერაძის ადვოკატ ნონა ქურდოვანიძის თქმით, იგივე დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ ეს საჯარო სივრცე იყო და პოლიციას ისინი არ უნდა შეეკავებინა. კითხვაზე, რატომ მიიღეთ სარწმუნოდ ერთი ინფორმაცია პოლიციამ და რატომ არა მეორე, პოლიციამ პასუხი ვერ გასცა.
მოწმეთა თქმით, ტერიტორიაზე, რომელსაც 7 მაისს პოლიციის კორდონი იცავდა, დღეს გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელია. ამდენად, დაცვის მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა არგუმენტი, რომ კორდონი კანონიერად აღიმართა და ამით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდა.
7 მაისს, „პანორამა თბილისის" წინააღმდეგ აქციაზე ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ და სს კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ფერაძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
ფერაძე პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლა.
„ნატა ფერაძეს, ისევე როგორც სხვებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი წაუყენეს, ის გადმოიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმებაზე, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი ვთქვით. კლინიკური შემოწმების შედეგად დადგინა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფება. ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს." - განუცხადა "ლიბერალს" ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.
კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ასევე დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ.