Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუნის სტუდენტი ლექციაზე ლექტორისა და კურსელებისგან ჰომოფობიურ მოპყრობაზე საუბრობს

18 მაისი, 2016 15:14

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ნიკოლაძე ლექტორისა და თანაკურსელებისგან ჰომოფობიური მოპყრობის შესახებ ჰყვება. მისი თქმით, შემთხვევა პარასკევს ინგლისური ენის ლექციაზე მოხდა, როდესაც ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის საკითხზე მსჯელობისას როგორც ლექტორის, ასევე თანაკურსელების მხრიდან დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.

ნიკოლაძე, რომელიც თავს ლგბტ თემს არ მიაკუთვნებს, „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ ლექტორმა ნანა აბუაშვილმა იკითხა, თუ რა პრობლემები არსებობდა საქართველოში, რის პასუხადაც ნიკოლაძემ თქვა, რომ ქვეყანაში უმცირესობათა დისკრიმინაცია ხდება. იგი განმარტავს, რომ უმცირესობებში მხოლოდ სექსუალური უმცირესობები არ უგულისხმია, თუმცა აუდიტორიამ ცნება ძალიან ვიწრო მნიშვნელობით გაიგო.

„ლექტორმა თქვა, რომ არავითარი დისკრიმინაცია არ ხდება. ისტორია მოგვიყვა, თუ როგორ ჰკითხა ერთხელ უნივერსიტეტში ტრენინგის გასამართად მოსულ ლესბოსელ ქალს, თუ რა ფორმით ხდებოდა მისი დისკრიმინაცია, რაზეც, პასუხი ვერ მიიღო. ამ ლოგიკით, დაასკვნა, რომ დისკრიმინაცია არ ხდება. უმცირესობებში მხოლოდ სექსუალური უმცირესობები არ მიგულისხმია, თუმცა მათ ასე გაიგეს. ამის შემდეგ ჩემ მიმართ აგრესია და დაცინვა წამოვიდა. მეუბნებოდნენ, რომ მეც მათი მომხრე ვიყავი, „მათნაირი“ ვიყავი. ვეუბნებოდი, რომ იმ მომენტში ჩემს ისეთსავე დისკრიმინაციას ახდენდნენ, როგორც ლგბტ ადამიანების“ - ჰყვება ნიკოლაძე.

მისი თქმით, თანაკურსელების მხრიდან დაცინვის აღმოფხვრა ლექტორს არ უცდია, მეტიც, მათ ხუმრობებზე იცინოდა.

„დამცინოდნენ, თუ როგორი ურთიერთობა მქონდა ჩემს მეგობარ ბიჭებთან, როგორი „მჭიდრო ურთიერთობა“ მქონდა. ერთ-ერთი ჯგუფელი მოვიდა და ხელი ჩამომართვა, ლექტორს გახედა და თქვა, აი, შეხედეთ, მე ახლა გეის ხელი ჩამოვართვიო. თითქოს „ქამინგაუთი" გამიკეთა“, - ამბობს ნიკოლაძე.

მისი თქმით, ნანა აბუაშვილს ვითარების განმუხტვა არ უცდია. ამასთან, როგორც ნიკოლაძე ამბობს, ლექტორი ამბობდა, რომ მას ლგბტ ადამიანები არ მოსწონდა მათ პატივს არ სცემდა და, შესაბამისად, არც მათი უფლებების დაცვის მომხრე იყო.

„საბოლოოდ, ლექტორმა მითხრა, ვიცი, რომ გეი არ ხარ, ღმერთმა დაგიფაროსო. ყველა მხრიდან დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ავდექი და ლექცია დავტოვე. ინგლისური ენის დეკანს ვთხოვე, ჯგუფი შეეცვალათ. ლექციაზე როგორ უნდა შეხვიდე, როცა იცი, რომ ჰომოფობი ლექტორი გყავს და თან, ყველა შენი კურსელი ჰომოფობია?!“ - ამბობს ნიკოლაძე.

„ლიბერალი“ უნივერსიტეტის პოზიციის გასარკვევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი კვანჭილაშვილი, რომელიც ინციდენტის გამო ლევან ნიკოლაძეს თავად დაუკავშირდა, ამბობს, რომ ფაქტზე უნივერსიტეტმა მოკვლევა უკვე დაიწყო და შესაბამის ზომებს მიიღებს.

„ასეთი რამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელია. ჯერ უნდა შევხვდეთ ლექტორს და დაველაპარაკოთ. შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენთან ინგლისური ენის სწავლებას შპს „ინგლისური სახლი საქართველოში“ უზრუნველყოფს. ჩვენსავე ინტერესშია, რომ გავიგოთ რა მოხდა. თუკი მოკვლევით ფაქტი დადასტურდება, მივმართავთ, რომ ეს ლექტორი გაიწვიონ და ჩვენთან აღარ ასწავლოს. აქ არის არა მარტო ლექტორის, არამედ სტუდენტების პასუხისმგებლობის საკითხიც“, - ამბობს ანი კვანჭილაშვილი.

„ლიბერალმა“ ინგლისური ენის ლექტორთან, ნანა აბუაშვილთან დაკავშირება სცადა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბუაშვილის ნომრის გასაგებად „პირონის“ ცენტრში გადაგვამისამართა, სადაც ამბობენ, რომ საკითხი განსახილველად უნივერსიტეტის რექტორს აქვს გადაცემული, შესაბამისად, რექტორმა თავად უნდა დაგვაკავშიროს ნანა აბუაშვილს.

ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს და როგორც კი პროცედურა დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ილიაუნიში ამბობენ, რომ ლექტორის ნომრის გაცემა „პირსონის“ პრეროგატივაა, და ამის შესახებ ცენტრს ოფიციალურად მისწერეს კიდეც, თუმცა „პირსონში“ ამბობენ, რომ მათ არავითარი წერილი არ მიუღიათ.

„ლიბერალმა“ ნანა აბუაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობს. მან ასევე უპასუხოდ დატოვა „ლიბერალის“ მოკლე ტექსტური შეტყობინება ორი დღის განმავლობაში, რომ თუკი ჩვენთან საუბარზე უარს იტყვის, ამბავი მისი კომენტარის გარეშე გამოქვეყნდება.

მიუხედავად მრავალი სატელეფონო ზარისა, ნანა აბუაშვილი „ლიბერალს“ არ გამოხმაურებია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^