
66 მძღოლს ათი დღით მიკროატობუსებზე მუშაობა აეკრძალა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა” 19 ივლისის მონიტორინგის შედეგად გამოავლინა, რომ „ამ 66 მძღოლს კონდიციონერი შეგნებულად არ ჰქონდა ჩართული. ეს ნიშნავს, რომ კონდიციონერები მუშაობდა, მაგრამ სპეციალურად არ რთავდნენ თანხის დაზოგვის მიზნით”, - ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია მიქიაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიამ მძღოლებს ინდივიდუალურად შეუმცირა გადასახადი დღის გეგმა იმის გამო, რომ მათ კონდიციონერის სამუშაოდ, საწვავისთვის ზედმეტი თანხის გადახდა არ მოუწიოთ:
„სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ კონდიცირებისთვის მძღოლებს თავიანთი ჯიბიდან უწევთ ფულის გადახდა. „თბილისის მიკროავტობუსმა” ყველა მათგანს ინდივიდუალურად შეუმცირა დღის გეგმით გათვალისწინებული გადასახდელი და ეს სრულიად ადეკვატური თანხაა იმისათვის, რომ მგზავრების კომფორტული გადაადგილება უზრუნველყონ”, თუმცა „თბილისის მიკროავტობუსი“ „ლიბერალთან“ თანხის რაოდენობას არ ასახელებს.
თბილისის მერიამ 2016 წლის 18 ივლისს მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსების” თქმით, „ურჩი მძღოლების” მიმართ, ვინც კონდიციონერს არ ჩართავს, სანქციები გატარდება.