
31 აგვისტო ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით საადვოკაციო კამპანიის „არ დასაჯო“ ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით კამპანია - არ დასაჯო! გადავარჩინოთ სიცოცხლე! გაიმართა.
კამპანიის მონაწილეებმა ხეები დარგვეს და პატივი მიაგეს ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებსა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რათა მოხდეს მომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაცია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკა მიმართულია ნარკოტიკების მომხმარებლების დასჯასა და მათ იზოლაციაზე.
2015 წელს ზედოზირებით 50 ადამიანი გარდაიცვალა, 2014 წელს - 39 (GHRN). წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა ის, რომ ზედოზირების შემთხვევებს სამედიცინო დაწესებულება პოლიციას ატყობინებდა. ვინაიდან საქართველოში ნარკომოხმარება დასჯადია, პოლიციის მხრიდან ამგვარ ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე. ამის გამო ზედოზირების შემთხვევებში ადამიანები, ჯარიმისა თუ დაპატიმრების შიშით, სასწრაფო დახმარების გამოძახებისგან თავს იკავებდნენ. 2014 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ეს წესი შეიცვალა და სამედიცინო დახმარებას პოლიციისთვის ზედოზირების შესახებ შეტყობინების ვალდებულება არ აქვს. თუმცა მიუხედავად რეგულაციის ცვლილებისა, ზედოზირების შემთხვევებზე ინფორმაცია პოლიციის ყურამდე მაინც მიდის. „ლიბერალის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში.