სვანეთში ღვთისმშობლის (ლამარიას) ტაძრის (IX-X სს) მინაშენში, ეკვდერში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა სამწირველო მოაწყვეს და ტაძრის არქიტექტურაში ცვლილებების შეიტანეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, ადგილობრივი სასულიერო პირები როგორ აკურთხებენ ახალ ტაძარს. ხელოვნებათმცოდნე თამარ გოჩიაშვილი საუბრობს, რომ ეს გადაკეთებები, სავარაუდოდ, თვითნებურად უნდა მომხდარიყო, „ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ შეთანხმების გარეშე. მისი თქმით, ამაღლებულია ტაძრის იატაკი, დადგმულია ტრაპეზი და შეცვლილია მისი ფუნქცია.
მისივე თქმით, ტაძრის მინაშენში, ეკვდერში ისეთი არქიტექტურული დეტალებია, რომლებიც იქ სამწირველოს მოწყობას არ ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, ტაძარში ძველი ქვაბი იდგა, რომელიც მოძრავი ძეგლია. ტრადიციის მიხედვით, ქვაბში სვანები დღესასწაულზე შეწირულ ხარს ხარშავდნენ. ეს ქვაბი ეკვდერში ინახებოდა, იქ, სადაც ახლა სამწირველო მოეწყო და, შესაბამისად, ახლა არ იციან, სად ინახება ქვაბი. ის ამბობს, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს რამდენჯერმე მიმართეს ტაძარში ჩატარებული სამუშოების გამო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„გავრცელებული ვიდეოს კადრები და ძველი ფოტოები, რაც მე ვიცი, ერთმანეთთან თანხმობაში არ მოდის. ტაძარს ჰქონდა მინაშენი, ეკვდერი. მას დაუკარგეს თავისი ფუნქცია. ეს ყველაფერი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. რაც შეცვლილია, ისიც არასწორად არის გაკეთებული. რამდენჯერმე ძეგლთა დაცვის სააგენტოს ვკითხეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ და ახლა ვაპირებთ, ოფიციალურად, წერილობით მივმართოთ, რათა გავარკვიოთ, რა ხდება.
ეკვდერში არის ისეთი არქიტექტურული დეტალები, რომელიც საერთოდ არ იზიარებს, რომ იქ სამწირველო გაკეთებულიყო. ანუ სამწირველოს, მცირე ტაძრის მოსაწყობად მათ შეცვალეს სივრცე, დადგმულია ტრაპეზი და ამაღლებულია იატაკი. სავარაუდოდ, ეს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა გააკეთეს. მათ არ აქვთ უფლება, რაღაც სივრცე, მით უმეტეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თვითნებურად გადააკეთონ, მაგრამ სასულიერო პირებთან მოქმედებს დაუსჯელობის სინდრომი. ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდათ და პასუხის მომთხოვნიც კი არავინაა.
ამასთან, ტაძარში არსებული უძველესი სათემო ქვაბი, რომელშიც სვანები,ტრადიციულად, დღესასწაულზე შეწირულ ხარს ხარშვადნენ, სავარაუდოდ, დაკარგულია. მოგვწონს თუ არა ეს ტრადიცია, ახლა ეს ქვაბი კულტურული მემკვიდრეობაა, მოძრავი ძეგლია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეკვდერი სათავსოს ფუნქციასაც ითავსებდა, სათემო ქვაბიც იქ ინახებოდა. ახლა სად არის, ჯერ ვერ დავადგინეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს „ხალხური ქრისტიანობა“ თვალში ეჩხირებათ იქაურ სასულიერო პირებს, ესეც მაგასთან ბრძოლის ერთ-ერთი მიზანია. თუ გააკეთებ ტრაპეზს ეკვდერში და სამწირველოდ გადააკეთებ, მაშინ იქ ამ ქვაბის ადგილი არ დარჩება. ეს ძალიან იაფფასიანი ხრიკია, რომ ტრადიციული ელემენტები დაიჩრდილოს“, - განაცხადა თამარ გოჩიაშვილმა.
„ლიბერალი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსმა ლევან ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ უშგულში ღვთისმშობლის ტაძარში არქიტექტურის შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, სააგენტო აღნიშნულ საკითხს მოიკვლევს და პასუხის მისაღებად მოგვიანებით დაკავშირება შემოგვთავაზეს.