
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მეორედ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე არჩევანს მარკირების პროცედურის გარეშე აფიქსირებს. (დაზუსტებისთვის: პატრიარქი უარს არ ამბობს მარკირებაზე - მას ამ პროცედურის შეთავაზებას ვერ უბედავენ).
საარჩევნო უბნებზე მარკირების წესს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლი განსაზღვრავს.
ამ მუხლის თანახმად, მარკირება ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება.
პროცედურის დროს ამომრჩეველს თვალით უხილავ და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ ქიმიური საღებავს მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე უსვამენ. (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).
მარკირების პროცედურა არ გამოიყენება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.
რა ხდება მაშინ როდესაც კანონის ნახსენები მოთხოვნები ირღვევა? იურისტ ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ეს საარჩევნო კოდექსის 28-მუხლითაა გათვალისწინებული და 1 ნაწილის ა)ქვეპუნტით - სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს.
დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).