Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესების მშენებელი კომპანიის დირექტორობიდან მინისტრობამდე

23 ნოემბერი, 2016 16:55

გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარადგინა. პრემიერის თქმით, მას საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს:

“ზურაბ ალავიძე მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა, იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აქვს საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება, რაც არის მისი დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორც იცით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყნის სივრცითი მოწყობაა, დაგეგმილი ამბიციური ინფრასტრუუქტურული პროექტების განხორციელებას ძალიან წაადგება მისი კვლაიფიკაციის ადამიანი. ის ერთი მხრივ ამ პროექტების მშენებლობას დააჩქარებს და მეორე მხირვ, იზრუნებს ასევე იმაზე, რომ საჭირო რესურსები იქნას მოზიდული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან”, - განაცხადა პრემიერმა. 

1976 წელს დაბადებული ალავიძე 2009-2010 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუაობდა. გასულ წელს კი მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

ზურაბ ალავიძე 2011-2016 წლებში სს “დარიალი ენერჯის” დირექტორის პოზიციას იკავებდა. კომპანია ყაზბეგში “დარიალჰესის” პროექტს ახორციელებს. 

2016 წელს შევსებული ფინანსური დეკლარაციის თანახმად,  საწარმოს შემოსავალი გასულ წელს 197 414.00 ლარს შეადგენდა. მისი მეუღლე ნინო ჟღენტი კი სხვა რამდენიმე შპს-სთან ერთად გურამ თავართქილაძის სასწავლო ცენტრის 5 %-იანი წილის მფლობელია. 

კომპანია “დარიალი ენერჯი” საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწორედ 2011-2012 წლებში მოექცა, როდესაც ის და მისი პარტნიორი კომპანიები ყაზბეგში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესდნენ. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ალავიძის მინისტრად დანიშვნა ე.წ. “მბრუნავი კარის” ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ადამიანები, რომლებსაც კერძო ბიზნეს-ინტერესები აქვთ, საჯარო სექტორში საქმდებიან და შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ, თავიანთი კავშირები გამოიყენონ ამ ბიზნესის საკეთილდღეოდ. ანდა პირიქით, როდესაც საჯარო სექტორიდან კერძოში ინაცვლებენ და სარგებელს ნახულობენ იმ გადაწყვეტილებებით, რომლების მიღებაშიც თავად მონაწილეობდნენ. 

ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ელიტური კორუფციის რისკების და ნიშნების გარდა, ალავიძე არც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის გამოცდილ მმართველად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი თქმით, ყაზბეგში მიმდინარე ჰესების მშენებლობა ამის ნათელი მაგალითი იყო. 

“დარიალ ჰესი” არ შეიძლება განვიხილოთ დადებით კონტექსტში, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა გაშვებულიყო ექსპლუატაციაში. თუმცა, ღვარცოფის მიერ მისი დაზიანებისა და ადამიანთა დაღუპვის შემდეგ, კომპანიამ აღიარა, რომ ფიზიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები არ იყო შეფასებული”, - ამბობს მაჭარაშვილი. 

2014 წლის 17 მაისს, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა, რომელმაც დააზიანა უკვე აშენებული ლარსი-ჰესი და მშენებარე დარიალ-ჰესი. დაიღუპნენ ჰესების მშენებლობაზე დასაქმებულებიც. იმავე წლის 20 აგვისტოს ღვარცოფი კიდევ ერთხელ ჩამოწვა, რომელმაც კიდევ უფრო ძლიერად დააზიანა ლარსი-ჰესი და  დაიღუპა დარიალ-ჰესზე დასაქმებული ორი ადამიანი. 

“მწვანე ალტერნატივაში” ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, სწორედ “დარიალი ენერჯისა” და მისი პარტნიორი კომპანიების მიერ ჰესების დაპროექტებისა და შემდეგ ნებართვების გაცემისას დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. მათივე კვლევის თანახმად, უკვე შემდგომ, როდესაც კომპანიამ ჰესისთვის ახალი გვირაბის მშენებლობისთვის საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინა, მასშიც და მასზე გაცემულ სამინისტროს დასკვნაშიც აღნიშნული იყო, რომ თავდაპირველი პროექტის მიხედვით დევდორაკიდან ღვარცოფის ჩამოწოლის ისტორიული გამოცდილება არ იყო გათვალისწინებული, სტიქიური უბედურებების რისკი კი კვლავ მაღალი იყო.

 “მწვანე ალტერნატივაში” აღნიშავენ, რომ დღემდე არავის გამოუკვლევია, რამდენად სწორად სრულდებოდა პროექტის განხორციელებისას სანებართვო პირობები, კომპანიის ვალდებულებები და იყო თუ არა ამ პირობების შესრულების ხარისხი თუ უხარისხობა კავშირში ბუნებრივი პროცესების შედეგად მიღებულ ზიანსა და მსხვერპლთან. 

ირაკლი მაჭარაშვილისთვის ისიც გაუგებარია, თუ როგორ შეძლებს ალავიძე არსებული გეგმებისა და პროექტების დაჩქარებას:

"რის ხარჯზე დააჩქარებს ის ამ პროექტების განხორციელებას?! გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების უგულებელყოფის ხარჯზე? ანდა ახლა რა უშლის ამ პროექტების დაჩქარებას?  თუ ის განაგრძობს ისეთ მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა, ეს ნიშნავს, რომ პროექტები დაჩქარდება სწორედ ამგვარი რისკების გათვალისიწნების გარეშე და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მშენებლობებმა იგივე შედეგები გამოიღოს, მათ შორის ადამიანური მსხვერპლიიც, რაც გამოიწვია მისი უშუალო მენეჯემენტის ქვეშ არსებულმა ჰესის პროექტმა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს ჰქონდა EBRD-ისგან მიღებული სესხიც, თუმცა ყველამ ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი," - ამბობს მაჭარაშვილი. 

“მწვანე ალტერნატივას” მიერ 2015 წელს მომზადებულ კვლევაში “ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები“ ვკითუხლობთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის “დარიალი ენერჯის” დირექტორად გადანაცვლება ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მაგალითი იყო, რადგან სწორედ ეს სამინისტროა საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მათი პირობების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. 

2013 წლის მაისში  სს “დარიალი ენერჯი” ომარ ქუცნაშვილის მიერ დაფუძნებული ააიპ “ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის” წევრიც გახდა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე არიან ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანიის „ტრანს ელექტრიკას“ დირექტორი პაატა წერეთელი, „თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ ფანცულაია, შპს „ენგურჰესის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ფინანსური დირექტორი  ვალერიან კანკია. მოგვიანებით, “დარიალი ენერჯისთან” ერთად,  ასოციაციის წევრები გახდნენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიც. მათ შორის  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (100% სახელმწიფო წილი), სს „ხრამჰესი 2“, სს „ხრამჰესი 1“, შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, შპს „ენგურჰესი“, შპს „ენერგია“, შპს „ყაზბეგი ჰესი“ და ა.შ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, კომპანია “ფერი” და მისი შვილობილი სს “დარიალი ენერჯი” ის კომპანიები იყო, რომელთა სასარგებლოდაც მთავრობა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა. ამავე დროს კი ისინი მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ მნიშვნელოვან თანხებს გასცემდნენ. მაგალითად, შპს „ფერიმ“ მმართველ პოლიტიკურ პარტიას ‒ „ნაციონალურ მოძრაობას“, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას - 50 ათასი ლარი შესწირა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, როცა პოლიტიკურ პარტიებს კანონით აკრძალული ჰქონდათ შემოწირულობების მიღება კომპანიებისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველები გახდნენ შპს „ფერისთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ასოცირებული კერძო პირები:
მათ შორის ზურაბ ალავიძე, რომელმაც 2012 წლის 30 ივლისს - 35 ათასი ლარი შესწირა პარტიას;  სს „დარიალი ენერჯის“ ყოფილი დირექტორი და შპს „ყაზბეგი ჰესის“ თანამფლობელმა ლაშა იორდანიშვილმა კი ამავე თვეში - 40 ათასი ლარი გადარიცხა მმართველი პარტიის ანგარიშზე. ამავე დღეს შესწირა 60 000 ლარი პარტიას იოსებ მჭედლიშვილმა - შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მფლობელმაც. 

თუმცა გუშინ, მინისტრის პოზიციაზე წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად, ალავიძემ განაცხადა, რომ არასდროს არავის შემწირველი არ ყოფილა. 

ალავიძის გვარი ნახსენებია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2013 წელს ჩატარებულ კვლევაშიც  - "ბიზნესმენები პოლიტიკაში და პოლიტიკოსები ბიზნესში - მბრუნავი კარის პრობლემა საქართველოში" 

——

შპს „დარიალი ენერჯი“ 2010 წლის დეკემბერში დაფუძნდა.  მას ორი დამფუძნებელი პარტნიორი ჰყავდა: აშშ-ში რეგისტრირებული „რობბინს კომპანია“ (the Robbins Company)– 30%-იანი წილით და შპს „ფერი“ – 70%-იანი წილით.
შპს „დარიალი ენერჯი“ და შპს „ენერგია“ რეგისტრირებულ იქნა შპს „ფერის“ (მფლობელი და დირექტორი ლაშა იორდანიშვილი) კუთვნილ ფართზე. ლაშა იორდანიშვილი კომპანიის დირექტორად დაინიშნა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებად კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგზე დარიალის ჰესის მშენებლობა, განვითარება და ფუნქციონირება განისაზღვრა. 

“დარიალის ჰესის” პროექტის განვითარებისთვის 2011 წლის მაისში საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება 109 მგვტ სიმძლავრის დარიალის ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ. 

2011 წლის სექტემბერში კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალი შეადგენდა 100 ათას აშშ დოლარს, რომელიც 33 333 333 აშშ დოლარამდე გაიზარდა ისე, რომ აქციების მესაკუთრეები არ შეცვლილან.  იმავე თვეში კომპანიის წილები ხელახლა გადანაწილდა - კომპანიას გაუჩნდა ახალი აქციონერი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ (JSC Georgian Energy Development Fund, GEDF) სახით, რომელმაც 10 მლნ აშშ დოლარად იყიდა კომპანიის სააქციო კაპიტალის 30%. ოქტომბრიდან კომპანიის დირექტორი იორდანიშვილის ნაცვლად სწორედ ალავიძე გახდა, რომელიც ამ პოსტს წლევანდლამდე ინარჩუნებდა. 

2013 წლის აგვისტოში სს „დარიალი ენერჯიმ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, საფრთხის ქვეშ დგება პროექტის განვითარება და პროექტის დასრულებამ, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს. ამიტომ 2013 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისათვის მიწერილ წერილში კომპანიამ არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მინისტრს სთხოვა თანხმობა, რომ "ენერგეტიკის განვითარების ფონდს" მოეწერა ხელი დოკუმენტისთვის, რომლითაც "დარიალი ენრჯის" კაპიტალი გაიზრდებოდა და კომპანია სესხის აღებასაც შეძლებდა. 

„პროექტის დასრულებისათვის აუცილებელია საბანკო დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც კომპანია დიდი ხნის მანძილზე აწარმოებს სამუშაოებს ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. სესხის დამტკიცების წინაპირობად ბანკები ითხოვენ, რომ კომპანიამ მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სს „დარიალი ენერჯიმ“ მოიძია შესაბამისი რესურსი - შპს „ენერგია“ მზად არის განახორციელოს შენატანი კომპანიის კაპიტალში 10 მლიონი აშშ დოლარის სახით და გამოუყოს კომპანიას აქციონერთა სესხის სახით დამატებითი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 10%-ით. სანაცვლოდ შპს „ენერგია“ ითხოვს, რომ კომპანიას ჰქონდეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს (შემდგომში GEDF) საკუთრებაში არსებული აქციების ყიდვის ოფცია ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 15 მილიონ აშშ დოლარად. სხვა გზა სს „დარიალი ენერჯის“ მიერ დამატებითი 20 მილიონი აშშ დოლარის მოპოვებისა ამ ეტაპზე არ არსებობს“.

2013 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა კომპანიის ეს  მოთხოვნა და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა, რომლითაც აქციების განთავსებისა და აქციონერთა ხელშეკრულების პროექტი დამტკიცდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^