
სირიის სამთავრობო ჯარები აღმოსავლეთ ალეპოს უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ქალაქში, რომელიც მეამბოხეებს 4 წლის განმავლობაში ეკავათ, ადამიანების მასობრივი ხოცვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, აქტივისტები აცხადებენ, რომ მეამბოხეებთან კავშირში ეჭვმიტანილებს სამთავრობო ძალები ეძებენ.
„მკვლელობა ყოველ საათში ხდება" - ამბობენ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სირიაში.
გაეროსთვის მიწოდებული ინფორმაციით, 82 ადამიანი პროსამთავრობო ძალებმა ყველას თვალწინ ჩახოცეს.
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შემაძრწუნებელი ინფორმაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ალეპოს ქუჩებში ადამიანების ცხედრები ყრია, გადარჩენილები კი ტყვიების შიშით მათ ახლოსაც ვერ ეკარებიან.